„…აკაკის ხესთან დაწვეს ფიროსმანის ნახატები“… – 82 წლის ანზორ მაძღარაშვილის გულისტკივილი და იმედები

მთელი მისი ცხოვრება ნიკო ფიროსმანაშვილს უკავშირდება. 48 წელი ფიროსმანზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარა. მთაწმინდაზე დიდი მხატვრის სიმბოლური საფლავის ნიშის დადგმაც მისი იდეა იყო და მირზაანში  მსოფლიოს საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის დაარსებაც სურდა… თუმცა ამ უკანასკნელს მაშინ ასრულება არ ეწერა…
1979 წელს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მემორიალური კომპლექსის ორგანიზატორი და ფუძემდებელია.
მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებია. მაისში მუზეუმი მხატვრის ორიგინალური ნამუშევრების გამოფენას ფიროსმანის ქუჩაზე, თბილისის ფილიალში გეგმავს. ორიგინალურად ემზადება ამ თარიღისთვის მირზაანიც. სოფელმა გადაწყვიტა, ასი ძირი ვარდი მიიტანოს მუზეუმის ეზოში და დარგოს ნიკალას სახელზე.
16 მარტს 82 წლის გახდა. გული სწყდება, რომ მაინც ბოლომდე  ვერ გადაწყდა თუნდაც თბილისში მუზეუმის ფართის საკითხი. – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის მმართველის, ანზორ მაძღარაშვილის პერსონა.

– დავიბადე სოფელ ზემო მაჩხაანში. სოფელში იმ დროს ორი სკოლა იყო -დაწყებითი და საშუალო. დაწყებითი სკოლა რომ დავამთავრე, მე-5 კლასიდან საშუალოში გადავედი, შალვა  მანაგაძე იყო სკოლის დირექტორი. იმან განაცხადა, რომ ჩვენს სკოლაში წელს 667 ბავშვიაო, იმ დაწყებითებში კიდევ 200 ბავშვი მაინც იქნებოდა. ახლა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, სოფელში სკოლაში დაახლოებით 70 ბავშვი დადის. მე მასწავლიდა პელო რობიტაშვილი. რუსულს მასწავლიდა თამარა ელისევნა.
დღევანდელ დღეს რომ ვუყურებ, ჩვენთან მაშინ სწავლა მართლა იყო, სკოლას სკოლა ერქვა, ბიბლიოთეკას – ბიბლიოთეკა, დაწესებულებას – დაწესებულება და სახელმწიფოებრივ სახეს ატარებდა. დღეს ეს მოშლილია და სადმე თუ ვინმე ცდილობს, ამას ეს სახე შეუნარჩუნოს, იმას ალმაცერად უყურებენ.
– რომელი საგნები გიყვარდათ?
– თავიდანვე ჰუმანიტარული დარგები, ქართული ენა და ლიტერატურა მაინტერესებდა. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე, მერე ვმუშაობდი რედაქციებში. ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ გაზეთ „ახალ შირაქში“, მერე მარნეულის გაზეთ  „ახალ მარნეულში“  სტატიებსა და იუმორესკებს ვწერდი.
მაგრამ მთელი ცხოვრება მინდოდა ფიროსმანის მუზეუმში მემუშავა. სტუდენტობის დროს დავათვალიერე ეს მუზეუმი და იმდროიდან  ჩამრჩა გულში. დირექტორი კარგი კაცი იყო, მაგრამ პატარა ხელფასი მაქვსო და პენსიაზე მალე გავიდა. მე მაშინ მარნეულში ვიყავი, წამოვედი იქიდან, რომ გასაუბრებაში მიმეღო მონაწილეობა. წესი ასეთი იყო, თანამშრომელს რომ იღებდნენ, რაიკომის მდივანს უნდა გასაუბრებოდნენ. ჩემი კონცეფცია და შეხედულება მქონდა ფიროსმანზე, ავუხსენი, რას გავაკეთებდი, მუშაობას რომ დავიწყებდი. გასაუბრება რომ დამთავრდა, გამოაცხადეს, მაძღარაშვილი დარჩეს და დანარჩენები წავიდნენ სახლებშიო.
ასე დავიწყე მუშაობა ფიროსმანის მუზეუმში.
– თქვენი იდეით აშენდა ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალური კომპლექსის საგამოფენო დარბაზი მირზაანში…
– იდეა, ყველაფერი… ეგ ყველაფერი ჩემი მოგონილია.  ძალიან მალე დაიწყო ეროვნული მოძრაობა. გადავწყვიტე, წარმედგინა ჩემი გეგმა კულტურის სამინისტროში, სადაც აღვწერდი, როგორი უნდა ყოფილიყო ფიროსმანის მუზეუმი. მანამდე საქართველოს ყველა მუზეუმი შემოვიარე.
დავიწყე ფიქრი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ფიროსმანის მუზეუმი. ფიროსმანი დიდი მხატვარია, რომელიც ქართულ მხატვრობაში ძალიან მყარად არის დამკვიდრებული.  ფიროსმანის ეს სიდიადე უნდა ასახულიყო შენობაში, არქიტექტორ გურამ ბაქრაძესთან ერთად ვმუშაობდი. გადაწყდა, შენობის საფუძველი უფრო განიერი ყოფილიყო და თანდათან ამაღლებულიყო, ნურავის ეწყინება, მაგრამ ფიროსმანმა ყველა დაჩრდილა და ყველას ზემოდან გადახედა.
სამინისტრომ მომიწონა გეგმა, დამრთეს ნება, რომ აღმედგინა მემორიალობა. მართლაც, აღვადგინე. რაც მთავარია, ძალიან კარგი ადგილი შეირჩა. ის ჩანს, ყველა მხრიდან, წნორიდან და დედოფლისწყაროდანაც რომ მოდიხარ. სტუმარი ალაზნის ველს გადაჰყურებს და მთლიანად ხედავს კავკასიონს.
ეს ხედი ძალიან ხიბლავთ ტურისტებს. ასე რომ, მემორიალური მუზეუმი პირველად საბჭოთა კავშირში ჩვენ ავაშენეთ. ავაშენეთ და ჩავდეთ ფიროსმანის სულიც და შემოქმედებაც. 1979 წელს 13 მაისს გაიხსნა.
– ამ ეზოში დგას ფიროსმანის პატარა სახლიც…
– ეს არის 1898 წელს ფიროსმანის მიერ აშენებული სახლი. კომუნისტების დროს გაიხსნა ეგ მუზეუმი – ფიროსმანს არა ჰქონდა შესაძლებლობაო, ამიტომ დაუწუნეს იატაკი,  მუხის იატაკი აყარეს და დააგეს პარკეტი.
ფიროსმანის სახლში თავდაპირველად მუხა იყო დაგებული და თელის კოჭები იყო გამოყენებული.  სვეტები კი ღვიოსი იყო, ღვიო ელდარის  ტყეებში ხარობს და ძალიან გამძლეა. მიწაში რომ ჩადვა, არ დალპება. მაშინ ეს მასალა იხმარებოდა.
ამაზე მუშაობა კიდევ ცალკე დავიწყე, ცოცხლები იყვნენ ფიროსმანის დისშვილები, შევისწავლე ამის სახე როგორი იყო და წარვადგინე კულტურის სამინისტროში. კულტურის სამინისტრომ მოგვიწონა და დაგვრთეს ნება მემორიალობის აღსადგენად.
„ნაციონალების“ დროს რომ ორჯერ გამათავისუფლეს, ადგნენ და ჩვენ მიერ დაგებული მუხის იატაკი ისევ აყარეს და ფიჭვის პარკეტი დააგეს. ახლა იატაკი ისევ ხელახლაა გასაკეთებელი.
ჩვენთან, ქიზიყში,  ფიჭვს საშენ მასალად არ ხმარობდნენ. მაგარი ჯიშის ხეები ერჩივნათ. ჯერ ერთი, ფიჭვი  მოსატანად ძალიან რთული იყო, 1915 წელს, მატარებელი რომ გაიხსნა წნორისწყალზე, მაშინ შემოიტანეს ფიჭვი. მანამდე ურმით საიდან უნდა მოეტანათ? ქართულ ფიჭვს ჭია უჩნდება, რუსული კი ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ამიტომ ამ მასალას ალმაცრად უყურებდა ჩვენი მოსახლეობა. ახლაც ასეა, ისევ ურჩევნიათ მუხა, წაბლი, წიფელი, თელა…
ამიტომ ფიროსმანის სახლის იატაკი და სხვა ბევრი რამ იქ ისევ შესაცვლელია.
დიდი საგამოფენო დარბაზი რომ აშენდა, იქ უფრო თავისუფალი მოქმედება შეიძლება. ეგ ფიროსმანის აშენებული და ხელწავლებული კი არ იყო, ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ იქ იატაკად დაავაგეთ შავი გრანიტი. მოსაწმენდადაც ადვილია და გამძლეა. მეტროს სადგურებმა გაამართლა, პირველად მათ გამოიყენეს.
– როგორ აშენებდა ნიკალა იმ სახლს?
– თბილისში მუშაობა რომ დაიწყო, გადაწყვიტა, სოფელში სახლი აეშენებინა. აქ დუქანი ჰქონდა, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, მასალები მოეგროვებინა. ორი წელი აგროვებდა მასალებს.  მისი დისშვილებისგან ვიცი (მაშინ ბავშვები იყვნენ),  რომ ლაგოდეხის ტყიდან გამოიტანა მასალები, დააპო, დახერხა, გააშრო და 1898 წელს სახლის მშენებლობა დაიწყო…
– მანამდე სად ცხოვრობდა?
–  იქვე ახლოს ჩვეულებრივ ქოხში ცხოვრობდა. ეს სამოსახლო ნიკალამ თავად ამოარჩია. სადაც ის ქოხი იყო, იქ კი არ ააშენა, მისგან მოშორებით. მასალა თვითონ ნიკომ მოიტანა. პროექტიც თვითონ შეადგინა. სახლი რომ ააშენა, მერე ადგა და მთლიანად მოხატა. სახლის აშენების მაღარიჩიც გადაიხადა კაკლის ქვეშ. ის ნიკალასეული კაკალი ისევ დგას…  თამადაც თვითონ იყო, ომახიანი ხმა ჰქონდა, სიტყვაც მოსდევდა და კარგი სიმღერაც იცოდა. თამადას მეტი რა მოეთხოვება.
სუფრა რომ დამთავრდა, მერე წამოიყვანა ხალხი, გაუხსნა კარი და მოხატული სახლი აჩვენათ. მოსახლეობას გაუკვირდა, ასეთი რამ თავის დღეში არ გვინახავსო…
– დღეს, ჩვენდა სავალალოდ,  ეს მოხატულობა აღარ არსებობს…
– დიდი ტრაგედია დატრიალდა და იმიტომ. ადრე ფიროსმანმა ბიძაშვილსაც მოუხატა სახლი. 1937 წელს, როცა ძმები ფიროსმანაშვილები დაიჭირეს, აწამებდნენ და აიძულებდნენ თანამზრახველების დასახელებას, ერთ-ერთმა  ასეთი რამ თქვა: ჩემი მეგობრები იყვნენ და ამ საქმეში მეხმარებოდნენ: მირზაანელი ნიკო ფიროსმანაშვილი და კასპელი გიორგი სააკაძეო. წავიდა მილიცია ჯერ მირზაანში, მერე კასპში და ეძებდნენ ფიროსმანს და სააკაძეს…   ბიძაშვილები 10 დღე ჰყავდათ ჩამწყვდეულები – გვითხარი, სად არის ფიროსმანიო, – გამუდმებით ეკითხებოდნენ…  ჩვენ მისი არაფერი არ ვიცით, ისე კი რაღაცებს ხატავდაო. ტყუილად ხომ ვერ მოიგონებდნენ, 1918 წელს გარდაცვლილ ნიკალაზე… როცა გაუშვეს ისინი, ჩამოვიდნენ სოფელში და თქვეს, ფიროსმანი სამშობლოს მოღალატე ყოფილაო. ამის გამო ეძებენ, უნდა დაიჭირონო. შეშინებულებმა წერილები და რაც კი მისი ხელწავლებული იყო, ყველაფერი გაანადგურეს. 40-მდე სურათი დაიწვა მაშინ.
მეზობლებს, ნათესავებს, ყველას ჰქონდა ფიროსმანის ნახატები, სოფელში რომ ჩადიოდა ნიკალა, სიღნაღში გააგზავნიდა ხოლმე თავის დისშვილს, საღებავებს დაუწერდა, ჩამოიტანინებდა ხოლმე სიღნაღიდან, მერე იდგა და ხატავდა… ამ ნახატებს ჩუქნიდა ირგვლივ ყველას…
ეს ამბავი ჩამაწერინა ალექსი ფიროსმანაშვილმა, იმათ ოჯახშიც იყო ნახატი და მაშინ დაუწვიათ. ახლა იმ ადგილას აკაკის ხე არის ამოსული. ამ აკაკისთან დაწვეს ეს ნახატები. როცა მოხვდებით მირზაანში, გაჩვენებთ, სად დაწვეს ნიკალას ნამუშევრები.
რევოლუცია იყო ტრაგედია, თავში ვინც იყო, განათლებულმა ბირთვმა გიორგი სააკაძეც იცოდა და ფიროსმანიც.  ვინც აყვნენ რევოლუციას, იმათ არ იცოდნენ, ვინ იყო ფიროსმანი. ასეთი ხალხი დაწინაურდა და მილიციაშიც ისინი იყვნენ. სამწუხაროდ,  ყველაფერი ამას შეეწირა, მათ შორის წერილებიც. ფიროსმანის დას ფეფეს ჰქონდა მისი წერილები. აკაკისთან შეაქუჩეს და დაწვეს.
– სახლი აიშენა და მაინც თბილისში ცხოვრობდა… რატომ?
– სახლი კი აიშენა და სოფელში უნდოდა ცხოვრება, მაგრამ მიხვდა, რასაც ქალაქი მისცემდა, იმას სოფელში ვერ მიიღებდა.
ქალაქში ასე თუ ისე მხატვრობა იცოდნენ. მედუქნეები დაინტერესებული იყვნენ რეკლამით. ფიროსმანს მათთვის მხოლოდ რეკლამები უნდა ეხატა… მაგრამ, ნურას უკაცრავად და…  „მთვარიან ღამეს“, „მარგალიტას“, ან „უშვილო მილიონერს“, „ბავშვებიან ღარიბს“ რომ დაიკიდებს, ეს უკვე მედუქნის იმას სცილდება, ესე იგი მას მოსწონს, უყვარს ხელოვნება და იმიტომ კიდებს სურათებს, თორემ მარტო ჩამონგრეული ადგილის დასაფარად არ იქცევა ასე.
ბოლოს უკვე მედუქნეებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომ ფიროსმანს იმათთვის დაეხატა. რაც მთავარია, დუქანში შესულებს მოსწონდათ ეს ნახატები. იდგნენ და ხმამაღლა მსჯელობდნენ: თამარ მეფეზე, ერეკლეზე, გიორგი სააკაძეზე, სოფლებზე, რთველზე, კალოობაზე, რასაც ფიროსმანი ხატავდა… რახან მოსწონდათ, ბევრი ამის გამო შედიოდა დუქანში, მედუქნე კიდევ ყველანაირად ცდილობდა, გამორჩენა ჰქონოდა…
როცა 1912 წელს ჩამოვიდნენ კირილე და ივანე ზდანევიჩები, მიშელ ლედანტიუ და დუქნების დათვალიერება დაიწყეს, ასე უთხრეს, აჰა გაჩუქებთ ამ ნამუშევრებსო, ჩვენი ნიკალა მოვა და კიდევ დავახატინებთ უფრო უკეთესსო.
ილია ზდანევიჩმა 1913 წელს 3 მანეთად იყიდა ფიროსმანის ნატურმორტი. ფიროსმანმა რომ ჰკითხა, რა მიეცი ამ ნატურმორტშიო, 3 მანეთიო, – უპასუხა ზდანევიჩმა.  გამოართვა სურათი ნიკალამ, შეათამაშა ხელში და – მერე რა მოხდა, რომ პატარაა, ეს ერთი 100 მანეთი მაინც ღირდაო. ეს ჩემთვის დავხატე, მაგრამ გამიჭირდა და გავყიდეო. აქედან ჩანს, რომ მან ძალიან კარგად იცოდა თავისი თავის და თავისი ხელოვნების ფასი.
– დუქნის გახსნა თბილისში არ გაუჭირდა?
– როგორც ჩანს, მაშინ ეს შესაძლებელი იყო, ადგილებიც იყო და დიდი კონტროლი არ იქნებოდა. იგი დას ეხმარებოდა, როცა  სოფელში მოსავალი არ მოვიდა და შიმშილობა ჩამოვარდა. ეს ფაქტი დადგენილია, მან „პოვოზკა“ დატვირთა თეთრი ფქვილით და გაგზავნა სოფელში, დას უთხრა, რაც გინდათ, გაყიდეთ, რაც არა, მოიხმარეთო. ასეთი მზრუნველი იყო ნათესავებისადმი, მაგრამ გულდასაწყვეტია, ისე გარდაიცვალა, არცერთმა ნათესავმა არ იცოდა. ფიროსმანი კი, სანამ შესაძლებლობა ჰქონდა, არავის უყურადღებოდ არ ტოვებდა… მაგრამ როცა მას გაუჭირდა, დატოვეს.
– ამბობენ, რომ თავიდან მას ფულიც ჰქონდა და კარგადაც იცვამდა და „გრაფს“ ეძახდნენ…
– თბილისში მას „გრაფს“ ეძახდნენ. პირველად ქართული საცმელით – ჩოხა-ახალუხით და აზიატსკებით  დადიოდა. მისმა ნათლიდედამ რომ დაინახა, თქვა, რა მშვენიერი ვაჟკაცია, ქალი არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, ეგ რო ქართული საცმელით ჩამოვიდაო. მერე ეს საცმელი გაიხადა და კოსტიუმი და შარვალი ჩაიცვა.
სამწუხაროდ, ფიროსმანის ახალგაზრდობა ნაკლებად ახსოვთ, ძირითადად, ბოლო წლებს იხსენებენ, როცა  პირველი მსოფლიო ომი დაიწყო  და ფიროსმანი მართლა ღარიბი იყო. გართულდა მდგომარეობა. რუსეთის მთავრობამ აკრძალა ალკოჰოლური სასმელები, დუქნები დაიკეტა…
1913 წელს ფიროსმანმა ილია ზდანევიჩს უთხრა ასეთი რამ, ბევრს არა, მაგრამ პურის ფულს მაინც ჩემი მხატვრობით ვშოულობო. ზდანევიჩებმა მისი  16 ნამუშევარი იყიდეს. რუსეთშიც უნდა გამოეფინათ, აქედან 4 გამოფინეს და დანარჩენი ნახატები გაყიდეს.
ფიროსმანმა მათ უთხრა, თუ ვინმე იქ გამოჩნდება, შემატყობინეთ და სურათებს აუცილებლად გამოგიგზავნითო. 100 მანეთი მჭირდება, რომ თავი მოვიწესრიგო, საცვლებს შევიცვლიდი, ბინას დავიქირავებდი, მერე დავჯდებოდი და ვხატავდი და ვხატავდიო… თვეში 15 სურათს დავხატავდიო.  გაყიდეს ის ნახატები, მაგრამ ფული არ გაუგზავნიათ. ვფიქრობ, მათ მაინც დიდი საქმე გააკეთეს.
თუ არა ზდანევიჩები, ქართველები  ყველაფერ ამას გაანადგურებდნენ და ფიროსმანი არ გვეყოლებოდა. რუსებმა აიტაცეს მისი მხატვრობა, ჩვენ ერთი ცუდი ზნე გვჭირს, ბოღმა. შეგვიძლია ბოღმისგან  მოვკლათ ის, ვინც  რამე სიახლეს შემოიტანს.

– ფიროსმანის ნიში, მისი სიმბოლური საფლავი მთაწმინდაზე აიტანეთ…
– მე და ბატონმა თემურ ჩალაბაშვილმა ავიტანეთ. ავდექი და მარმარილოს დაფა გავაკეთებინე, მინდოდა პარტიზანულად ამეტანა მთაწმინდაზე.
მერე ერთხელაც ჩალაბა მოვიდა ჩემთან, ვაჩვენე და ვუთხარი, ავიტანოთ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღესაც ავიტანეთ. ეს მარტო სიმბოლური საფლავი კი არ უნდა იყოს, სიყვარულის სიმბოლოდაც უნდა იქცეს… ფიროსმანს ავტოპორტრეტი აქვს, ყანწი უჭირავს, მინდა ეს ამოვჭრა და სასაფლაოზე გავაკეთებინო. მეორე მხარეს მარგარიტა იქნება, შუაში კი – წარწერა. ეს ფიროსმანის დიდი სიყვარულის ნიშიც იქნება და საფლავიც. ფიროსმანის სული იტრიალებს…
ამას კონკურსი კი არა, სიყვარული უნდა, ფიროსმანმა ხომ განუმეორებელი შემოქმედება დაგვიტოვა, რაც დღემდე აოცებს ყველას…. ეს საფლავიც, ფიროსმანის მუზეუმიც ამის ამსახველი უნდა იყოს.
– წლეულს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდება…
 ფიროსმანის დაბადებიდან 130 წელი იუნესკომ ჩაატარა. ეს თარიღი მაშინ გახმიანებული იყო, შევარდნაძე იყო კომისიის თავმჯდომარე. ვალერი ასათიანი მოადგილე, მე – მდივანი…
ახლა 100 წელი სრულდება. იუნესკოს თავისი გრაფიკი აქვს, ერთი წლით ადრე უნდა დაგვეყენებინა ეს საკითხი. მხატვრები ემზადებიან. მე მგონი, მაინც კარგად ჩატარდება.
ფიროსმანი 1918 წლის 4 მაისს გარდაიცვალა. 5 მაისს იყო აღდგომა და აღდგომის წინა დღეს დალია სული. სოფელმა მირზაანმა გადაწყვიტა, საიუბილეო დღეებში, ასი ძირი ვარდი მოიტანოს და დარგოს ნიკალას სახელზე.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის  ფილიალი საიუბილეოდ რას აპირებს?
– გვინდა ჩვენი 14 ნამუშევარი მირზაანიდან ჩამოვიტანოთ და აქ გამოვფინოთ, რომ თბილისელ დამთვალიერებელს მიეცეს მათი ნახვის საშუალება.
– რამდნიმე ხნის წინათ, გინდოდათ, მირზაანში  მსოფლიოს საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის დაარსება…
– რამდენიმე წლის წინ იუნესკოს ძალიან კარგ პროექტში გავიმარჯვეთ. დიახ, მირზაანში უნდა დაარსებულიყო მსოფლიოს საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი, უნდა აშენებულიყო კოტეჯები… ეს ჯდებოდა 2 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი. მოხდა ისე, რომ იუნესკოს წარმომადგენლები 4-ჯერ იყვნენ. ძალიან კარგად მიიღეს ეს პროექტი და ისიც აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა, სოფელში დიდი კულტურული კვლევითი ცენტრი რომ იქმნებაო.
მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ, 2003 წელს, როგორც ამბობენ,  ამ პროექტის სახსრები სიღნაღს მოახმარა. მე კიდევ იმის შემდეგ გამირთულდა ცხოვრება, ვეღარ ვაწვდენ ხმას იუნესკოს, რომ ვაცნობო, – მაშინ სიღნაღი გააკეთეს და იმათ აჩვენეს, ფიროსმანის მუზეუმი გავაკეთეთო!
მირზაანი დარჩა ისევ ისე, უყურადღებოდ… ისევ ხელახლა მინდა ეს პროექტი დავიწყო, რაც სიცოცხლე დამრჩენია, მაგას მინდა მოვახმარო, მგონი, მაგაზე კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ.
– ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის მმართველი ხართ, რომელიც ორ მუზეუმს აერთიანებს, მირზაანისას და თბილისისას.  თბილისის ფილიალს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რა პრობლემები აქვს?
– როცა მირზაანში ადამიანები მოდიან, მოდიან ფიროსმანისთვის. ჩვენი მუზეუმი 50 ორიგინალზეა დაპროექტებული და მხოლოდ 14 ორიგინალი გვაქვს, ფიროსმანის 151 ორიგინალი არის ეროვნულ მუზეუმში. ჩვენ ეს დარბაზები ფიროსმანით რომ გვქონდეს დატვირთული, ტურისტები მარტო ფიროსმანს არ ნახავდნენ, შესანიშნავი ხედები, სითბო დახვდებოდათ… სხვანაირ საქართველოს ნახავდნენ. უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ, უფრო მეტი მნახველი გვეყოლებოდა, უფრო მეტი გაიცნობდა ნამდვილ საქართველოს.
„ოცნების“ ხალხმა გაარემონტა მუზეუმი და ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აღარ შეგვრცხვება. ისეთი მოუვლელი იყო, ტურისტები კითხულობდნენ, კი მაგრამ, თუ ფიროსმანი ასეთი დიდი მხატვარია, რატომ არ აქცევს მთავრობა ყურადღებასო.  ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმი სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვლის საგანი იყოს.
ეს მუზეუმი სააკაშვილმა გააერთიანა. ადრევე გაერთიანებული რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. რაც გაკეთდა, როცა დამოუკიდებლები ვიყავით, მაშინ მოხდა. 2009 წლიდან გაერთიანებული ვართ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში…
თბილისის ფილიალის მთავარი პრობლემა მაინც ფართია. ორი ოჯახი მუზეუმის ფართში  ისევ ცხოვრობს, მაგრამ მათ მშენებარე სახლში მიიღეს ბინები.  ბინები დასამთავრებელია და ვერ მიდიან.
დღეს ხომ ნახეთ, ასამდე კაცი მოვიდა ჩვენთან… აქ რომ ორიგინალები იყოს, უფრო ბევრი ხალხი მოვიდოდა. ადრე რასაც ფულს ვშოულობდით, იქიდან მუზეუმს 30 პროცენტს ახმარდნენ, ახლა კაპიკს აღარავინ აძლევს მუზეუმს.
მგონია, რომ კომუნისტების დროს უფრო მეტი პატრიოტი იყო, ვიდრე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, არადა, პირიქით უნდა  მომხდარიყო.
არტემ აზიური იყო ოქტომბრის რაიონის მაშინდელი რაიკომის მდივანი. თუ ცოცხალი აღარ არის, გაანათლოს მისი სული უფალმა.  ამ სახლის სახლმმართველი იყო ნოდარ დონაძე, ნამდვილი პატრიოტი, შემოვიერთეთ განათლების განყოფილების გამგე  სოლიკო მელაძე.  სამნი მივედით აზიროვთან.
ახლა რომ მივიდე განათლების განყოფილების გამგესთან, ალბათ გიჟად გამომაცხადებენ.  წავედით და ავუხსენი აზიროვს ვითარება. მანქანაში დაგვსხა და წამოგვიყვანა. სადაც ეს საგამოფენო დარბაზია, სამი ოჯახი ცხოვრობდა, აზიროვმა დაათვალიერა ყველაფერი, ერთ ოჯახს მაშინვე შესთავაზა ბინა სხვაგან და გადაიყვანა.  ისეთი სიხარული ვიგრძენი, აქედან რომ სოფელში მივდიოდით, მეგონა, მთელი თბილისი უკვე ჩემი იყო. ავდექი და კიბის ქვეშ ოთახი კარგად გავარემონტე. მერე პატიაშვილთან მივედი, მან ნახა ეს ოთახი, დარჩენილი ორი მოსახლე კიდევ მისი დახმარებით გაიყვანეს და  რემონტი დავიწყეთ. ჯუმბერ პატიაშვილი იყო ჩვენი შეფი და ერთხელაც თქვა ასეთი რამ, ამ შენობის სამივე სართული მუზეუმს რომ ეკუთვნოდეს, რა კარგი იქნებოდაო…  ახლა ეს რომ ვთქვა, გიჟად გამომაცხადებენ. მე რომ იმ ხალხის გვერდით არ მეცხოვრა, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი.
იმის მერე ეს საქმე გათოთხარებულია. თუ ვინმე შემაჯავრებდა მუზეუმს, არ მეგონა, უკვე ჩვენზე რომ არის მოცემული ფართი, მუზეუმის საკუთრება რომ არის და წლების განმავლობაში ვერ დაგიმთავრებია ორი ოთახი, საშინელი განცდაა…

ლალი ლომთათიძე

ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, მალე დიდი მხატვრის დროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი დუქნები და სამიკიტნოები აშენდეს, – ამ თემაზე ბატონმა ანზორმა მუზეუმის საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტს ლალი ლომთათიძეს სთხოვა აზრის გამოთქმა…

– ეს ჩვენი – ბატონი ანზორის და ჩემი იდეაა. მთავარია, რომ გაკეთდეს.  როგორც პარიზშია მონმარტრი – მხატვრების ქუჩა, გვინდა, რომ ასეთივე ქუჩა  არსებობდეს თბილისშიც.  ამ ქუჩის რესტავრაცია და რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარეობს… გვითხრეს, რომ პირველ რიგში აღდგება თბილისური ეზო…  ეზოები გალამაზდება, სახლებს ძველი იერსახე დაუბრუნდებათ და, როგორც აღმაშენებელი გააკეთეს, ისე აღდგება.  როცა გალამაზებულს ნახავენ ამ ქუჩას, უფრო ბევრი მნახველი მოვა…

…16 მარტს 82 წლის გახდა… იხსენებს, როგორ ატკინეს გული  „ნაციონალებმა“…  როცა ერთლარიანზე  გამოსახული ფიროსმანი ამოიღეს ხმარებიდან, მაშინ თქვა: საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არისო… ამ კრიტიკული კომენტარის გამო ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს...

1969 წლის აგვისტოში დავიწყე მუშაობა ფიროსმანის მუზეუმში და დღეგამოშვებით მათავისუფლებენო…  – ეღიმება… 

მერე დასძენს: „ფიროსმანი ისე წავიდა, ერთი თბილი სიტყვაც  არავისი გაუგია. სიცოცხლის ბოლო წლებში კი უთხრეს, დიდი მხატვარი ხარო, მაგრამ ბოლოს ისიც ჩააშხამეს, – ამ სახლის – ყოფილი მალაკნების ქუჩის №29-ში კიბის ქვეშ ცხოვრობდა…
აქედან დაითხოვა სახლის კიბის მეპატრონემ… უკვე დაუძლურებული, ჯანმრთელობაშერყეული იყო. აღდგომის წინა დღეებში ცუდად გახდა. იცოდა, რომ აქ თავისუფალი სარდაფი იყო, იმ სარდაფში ჩავიდა და  სამი დღე  უპატრონოდ გაატარა, ბოლოს მეჩექმე არჩილ მაისურაძეს კვნესის ხმა შემოესმა, ვინა ხარო, შეეკითხა და ფიროსმანი ვარო.
სასწრაფოდ გამოვედი, ეტლი დავიქირავე და რადგან მე დრო არ მქონდა, მგლობლიშვილს გავატანე საავადმყოფოშიო… ამბობს არჩილი. ჩემი აზრით, არამიანცში არ აიყვანდნენ, რადგან დიდი მანძილია იქამდე. ახლოს იყო მეორე – მიხაილოვის საავადმყოფო  და მგონია, რომ უფრო იქ მიიყვანდნენ. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, გინდა თუ არა, არამიანცში იყოო… რა აზრი ჰქონდა იმხელა მანძილზე წაეყვანათ, მით უფრო, რომ ისინი უპატრონო ავადმყოფებს არ იღებდნენ?!
თუ პატრონი არ ჰყავდა, იმ მიცვალებულს ღობის გარეთ მარხავდნენ.  ვერცერთმა მხატვარმა ვერ გაიგო, ისე მოკვდა… ქვაც არავინ დაადო. მთელი თბილისი რიყის ქვას მიაქვს და ერთი რიყის ქვა ვერ მოიძებნა. დაიკარგა ფიროსმანის საფლავი….
ესეც არ არის პრობლემა, მსოფლიოს რამდენი გამოჩენილი ადამიანია საფლავდაკარგული. რაც გვაქვს, ამას მოვუაროთ და მივხედოთ, მის შემოქმედებას ვუპატრონოთ ისე, როგორც ეკადრება!
რა კარგი ლექსი დაწერა ლადომ… მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფირსომანის ნატერფალს ვკოცნიო… მის ნატერფალს გავუფრთხილდეთ“!

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები