ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილს”-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის” 

„იგლ ჰილს”-ი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და რეპუტაციულ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს”-ის მიერ საქართველოში 6,5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიტანს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „იგლ ჰილს”-თან მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო, რომელშიც საქართველოს მხრიდან ყველა უწყებამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამასთან, „იგლ ჰილსის” მხრიდან, მოჰამედ ალაბარი პროექტში პირადად არის ჩართული, ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს ძირითადად ფუნდამენტურ საკითხებზე.

„ეს არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ – საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითიც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები