ირაკლი ნადარეიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განვიხილეთ ის პოტენციალი, რაც ჩვენს რეგიონს აქვს, გარდაიქმნას და განვითარდეს როგორც ციფრული ჰაბი

„წლევანდელ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევდა. პირველ რიგში, ეს იყო მეხუთე საიუბილეო ფორუმი საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობით როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ასევე ბიზნეს სექტორიდან – 2000-ზე მეტი დელეგატი 70-ზე მეტი ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ფორუმის ფარგლებში თბილისის საფინანსო სამიტი ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების გამოწვევებს უკავშირდებოდა”, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 22-23 ოქტომბერს გაიმართა.

ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს შეეხებოდა. მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ გლობალური კორპორაციების – „გუგლის” და „ნოკიას”, აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და უნივერსალური საფოსტო კავშირის წარმომადგენლები და სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე. „ღიად ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რაც რეგიონს აქვს, გარდაიქმნას და განვითარდეს როგორც ციფრული ჰაბი. ჩემი აზრით, ციფრული დერეფნის პოტენციალი, მისი თვისებიდან გამომდინარე, გაცილებით დიდია, ვიდრე ფიზიკური დაკავშირებადობის,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები