“შესაძლოა, ყვითლად იწვიმოს” – რატომ გაყვითლდა ცა საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სინოპტიკური პროცესია და სამხრეთიდან წამოსულ ჰაერში მტვრის ნაწილაკებს უკავშირდება.
“ცის შეფერადობა სინოპტიკური პროცესია. სამხრეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერი ვრცელდება, რომელშიც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ უდაბნოებიდან არაბეთიდან და აფრიკიდან ატმოსფეროში მტვრის ნაწილაკებია ასული, ძირითადად სილა, და სწორედ ეს აძლევს ცას ასეთ შეფერილობას”, -განაცხადა დოდო გვაზავამ.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, დღეს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი და შესაძლოა წვიმის ფერი მოყვითალო იყოს.
“რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, დღეს მცირე წვიმას ველოდებით. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +18-19 იქნება. წვიმის ფერიც შესაძლოა იყოს მოყვითალო.
შემდეგ დღეებში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა არ გვექნება. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ცაც აღარ იქნება ასეთი შეფერილი, რადგან ქარი დასავლეთის მიმართულებით დაუბერავს. დღეს, დასავლეთის ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, თეთნულდის მიდამოებში კი თოვლჭყაპი. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთში იწვიმებს. ხვალ, დღის ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ასევე მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი”,-აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები