საქართველოში შემოტანილ შპროტში სახიფათო შემცველობა აღმოაჩინეს

  ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე მათ “საგანგაშო შეტყობინება” ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.
შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA “GAMMA-A” LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.
„მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240 გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შ.პ.ს. “ევერესტი 2010“-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა.
საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა.
ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში. ამჯამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები