22 მარტი  მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ზღვაზე წყლის სინჯების აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
“საქართველო წლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ რესურსის სწორად გამოყენების და მისი დაცვის მნიშვნელობა.
ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას”,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე  განსაზღვრეს, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და წყლის ხარისხს მდინარეების და ტბების 150-მდე წერტილში იკვლევს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვის მიზნით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები