შოთა შალელაშვილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან’’ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან’’ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მსურს გამოვეხმაურო ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ფაქტს და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ასევე სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს ტრაგედია მიმაჩნია საერთო-საყოველთაო მწუხარებად.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევასთან – ოკუპაციასთან მიმართებით პარლამენტში გვაქვს ბოლო დროისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მზაობა, რაც გამოხატულ იქნა რეზოლუციასთან დაკავშირებით. დოკუმენტის შინაარსი სრულად პასუხობს ჩვენი მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და ინტერესებს, მიუხედავად ოკუპაციის და ანექსიის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა, ჩვენ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კვლავ ვინარჩუნებთ კონსტრუქციულ მიდგომას და ვაცხადებთ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს.

ჩვენ, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუვალობასთან დაკავშირებით, ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ასევე ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, საოკუპაციო ხაზთან აღმართულ მავთულხლართებს და სხვა ბარიერებს, რომელიც ხელს უშლის ჩვენს სახელმწიფოს და ინსტიტუციებს კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაში და დევნილი საზოგადოების საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის’’ ფორმირება, ეს არის სრულიად სამართლიანი და პრინციპული ნაბიჯი ქვეყნისთვის, რომელიც შეურიგებელია მის ტერიტორიაზე ოკუპაციის და სეპარატიზმის ფაქტის მიმართ და ყოველმხრივ ცდილობს არაღიარების პოლიტიკის განუხრელად გატარებას, დეოკუპაციას და 300 000-მდე დევნილის საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებას.

მსურს, მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მთელი დიპლომატიური ძალისხმევა იქნას მიმართული რეზოლუციის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის და მის მიღებამდეც კი აქტიურად წარიმართოს ამ საკითხზე ეფექტური მუშაობა, რათა თითოეულმა დამნაშავე პირმა გააცნობიეროს, რომ ქართული სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შეურიგებლები ვართ ჩვენს ტერიტორიაზე კრიმინალის მიმართ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერ მათ უკანონო მოქმედებას ექნება უმკაცრესი რეაგირება”, – ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები