ყოფილი გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი „ტვ იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობები ეკავა და სხვადასხვა დროს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იყო, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და 2004 წლის თებერვალში, ტელეკომპანია „იბერიასა“ და, საერთოდ, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სპეცრაზმით შეჭრას აღიარებს. მართალია, ტვ „იბერიას“ საქმეზე ოქრუაშვილი სასამართლოზე ამჯერად მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ საგულისხმოა მისი განცხადება. კერძოდ, მან სასამართლოს განუცხადა, რომ იმ თათბირს ესწრებოდა, როცა ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ტვ „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის დეტალებზე საუბრობდნენ, ანუ დანაშაულის დეტალების საქმის კურსში იყო.
ამასთან, ოქრუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც 2004 წლის ივნისიდან გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.
ოქრუაშვილმა, რომელიც 2004 წელს შს მინისტრი იყო, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის გეგმას სათავეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ედგა და ამ გეგმის მიმდინარეობს შესახებ, მიხეილ სააკაშვილსაც საქმის კურსში სწორედ ადეიშვილი აყენებდა.
„მოწმემ, ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ამასთან, ოქრუაშვილმა უშუალოდ გაიხსენა, თუ რა გარემოებებში ხდებოდა აღნიშნული გეგმის განხორციელება, რომლის შესახებაც მან მოახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და აღნიშნულ შეხვედრას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა. შესაბამისად, ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილის მიერ მომდინარეობდა ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ სპეციალური დანიშნულების რაზმები 2004 წლის 19 თებერვალს შეიჭრნენ. მათ მოახდინეს ტელეკომპანიის ბლოკირება და შეწყვიტეს მაუწყებლობა. ტელევიზიის პარალელურად, სპეცრაზმი შევიდა „ომეგა ჯგუფის“ ყველა დაწესებულებაში, საიდანაც გაიტაცეს ათეულობით მილიონი ლარის სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია. დაამტვრიეს და გაანადგურეს კომპანიის ინფრასტრუქტურა და ასევე, გაიტაცეს ტელეკომპანია „იბერიას“ ძვირადღირებული ტექნიკა, რომლითაც ტელევიზიის განახლება იგეგმებოდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები