„სპექტაკლი 5 მაისს „რუსთავი 2“-ის ოფისში დაიგეგმა “

   გაზეთი „ალია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აღმოჩენილი ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ოთხ ვერსიაზე საუბრობს.
„პირველი – არ არის გამორიცხული, გვარამიას, მართლაც, უსმენდნენ კანონიერად, სასამართლოს სანქციით, რადგან ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც ჰყავდათ დაბარებული დასაკითხად… მეორე – არ არის გამორიცხული, ყოფილ პროკურორს საკუთარი პატრონი უსმენდეს (თავად მხოლოდ გენერალური დირექტორია და ამ თანამდებობაზე ხომ ვიღაცამ, ანუ კომპანიის მეპატრონემ დანიშნა), რომლის შესახებაც, ალბათ, ამ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ იცის. საინტერესოა, რატომ არის ტელეკომპანიის მეპატრონეების ვინაობა ასე გასაიდუმლოებული?..
მესამე – თუკი გვარამიას ფირი, მართლაც, შსს-დან მიაწოდეს, მაშინ იგივე სამინისტროს გენინსპექციას დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო შიდა მოკვლევა, მაგრამ ასე არ მოხდა… მეოთხე – ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი და „ეს შენ გეხება-ყველას გვისმენენ“-ის გაგრძელებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს კონფიდენციალური წყარო, რომელიც „ალიას“ სწორედ ამ საკითხზე დაუკავშირდა… „ეს სპექტაკლი დაიგეგმა „რუსთავი 2“-ის ოფისში 5 მაისს, როცა იქ შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და სხვები… ეს ის არასამთავრობოებია, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ყვირიან, არიქა, გვისმენენო. ეს ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ საკუთარ სიცრუეში იძირებოდნენ და გადაწყვიტეს, ასეთი გზით მოეპოვებინათ ე.წ. მტკიცებულება“, – წერს „ალია“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ შსს-ში „ნაციონალებთან“ შეკრული პირები კვლავ მუშაობენ.
„დაუკვირდით, ვიდეოფირზე არც ტაიმერია, არც წამმზომი, აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის ფარული კამერით გადაღებული. ამას დავანებოთ თავი, გვარამია აცხადებს, ეს ფირი შსს-დან მოგვაწოდესო. რა გამოდის? „ნაციონალებს“ შსს-ში ჰყავთ აგენტები? მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ იქ ორჯონიკიძეები და ჯალათები კიდევ მუშაობენ, რომლებიც „ნაციონალებთან“ არიან შეკრულნი“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები