კახა კალაძე ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)
თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ძველი საფარი ახალი, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, გამოიცვლება ბორდიური და მოეწყობა ახალი ტროტუარები. სამუშაოების ფარგლებში, 300 კვ.მ მეტრი ტროტუარისა და 558 კვ.მ სავალი ნაწილის მოწყობა იგეგმება.
თბილისის მერის განცხადებით, აბჟანდაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად არის შეცვლილი და განახლებული. აღნიშნული სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შემდეგი სამუშაოები თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩატარდება, რომელიც ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გაზაფხულიდან, მთელი ქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას მასშტაბურად ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენ სი“ ახორციელებს.