მიხეილ ჯანელიძე – აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის USS Oak Hill-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაში.
მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ -ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მან ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის შემოსვლა სწორედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მორიგ დასტურად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორებთან მათ შორის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში, ეს საპორტო ვიზიტია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება. პირველ რიგში ეს ხაზს უსვამს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას. აშშ და საქართველო არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით. შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და საქართველო ამ თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს მის როლს, მის მზაობას შემდგომშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. სწორედ ასეთი ვიზიტებია საერთო მიზნებისა და მისწრაფების გამოხატულება და იგი ასევე მნიშვნელოვანია თავსებადობის ამაღლებისთვის” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს გემის კაპიტანმა ფილიპ ნაითმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
საზეიმო მიღებას გემის ეკიპაჟის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Oak Hill ბათუმის პორტში 17 მარტს შემოვიდა და ქალაქს 20 მარტს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები