დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ჩამოვა მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, “ბიურო ვერიტასის” ექსპერტთა ჯგუფი, კომპანია ”დოპელმაიერის” წარმომადგენლები კი უკვე საქართველოში არიან

“დღეს ღამით ჩამოვა მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, “ბიურო ვერიტასის” ექსპერტთა ჯგუფი, კომპანია ”დოპელმაიერის” წარმომადგენლები კი უკვე საქართველოში არიან”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის საავადმყოფოში გუდაურში, საბაგიროზე დაშავებულები მოინახულა.
ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპერტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან მიმდინარეობს.
“ზუსტად ახლა მომივიდა შეტყობინება, რომლითაც დადასტურდა, რომ დღეს ღამით ჩამოვა კომპანია “ბიურო ვერიტასის” ექსპერტთა ჯგუფი. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომლის ნდობაც აქვს მთელ მსოფლიოს. მათთან ერთად დაიწყება კვლევისა და ძიების პროცესი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს, არ იყოს ის მხოლოდ მწარმოებლის ან მხოლოდ ქართული მხარის მიერ გაკეთებული, რომ შემდგომში არ დაისვას კითხვები და ყველაფერი იყოს ძალიან ნათელი, რადგან აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.
რაც შეეხება საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის, “დოპელმაიერის” წარმომადგენლებს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “დოპელმაიერის” წარმომადგენლები უკვე ჩამოვიდნენ.
“დოპელმაიერის” წარმომადგენლები გუდაურში, ალბათ, დღეს უკვე ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეეხონ მოწყობილობა-დანადგარებს, ან რაიმე მანიპულაცია ჩაატარონ. მათ შეუძლიათ, ისევე, როგორც ეს მე გავაკეთე, გარედან, ვიზუალურად ნახონ ადგილი, თუმცა რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ექსპერტულ მოქმედებებს, როდესაც ადამიანები ყველა დეტალს არკვევენ, მათ ამის შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გარეშე არ ექნებათ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები