ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებისთვისა და შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და, შურისძიების მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული რ.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  229-ე მუხლის პირველი ნაწილით,  236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 2731 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა რ.ი.-მ ყოფილ მეუღლეზე ხ.ს.-ზე და მის ქმარზე ე.ს.-ზე შურისძიების მოტივით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ქ.მარნეულში, ე.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა – „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა ააფეთქა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ავტომანქანა და  სახლის  წინა ფასადზე არსებული ფანჯრების და კარის მინები, რის შედეგადაც  ე.ს.-ს და ხ.ს.-ს  1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგათ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ რ.ი.-მ  დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა 91.17 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას ნედლ „მარიხუანას“.

სამართალდამცველებმა რ.ი. 2017 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 2731 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) წარედგინა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ რ.ი. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათი განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები