ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ანსამბლ „მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის წარდგენას უმასპინძლებს

19 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორულ ანსამბლ „მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია (საექსპედიციო ჩანაწერები).
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, გამოცემა ეძღვნება ქართული ფოლკლორის მოამაგეს, ანსამბლის უხუცეს წევრსა და ლოტბარს, თურმანიძეთა მომღერალი გვარის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებელსა და დიდი ოჯახის უფროსს – ამირან თურმანიძეს.
აუდიოდისკი ჩაიწერა და გამოსაცემად მოამზადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა: ხმის რეჟისორი – არჩილ ბურჭულაძე, დიზაინერი – გიორგი დემტრაშვილი; შემოქმედებითი ჯგუფი – ნანა ვალიშვილი, ბაია ასიეშვილი, თეა კასაბური.
პრეზენტაციაზე ანსამბლი „მოყვარე“ შეასრულებს სიმღერებს აუდიოალბომიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები