თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

19 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისა“ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“  ერთობლივ პროექტს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
ტრადიციულად, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ 2018 წლის საგაზაფხულო საკონცერტო აფიშა, რომელიც მოიცავს 30-მდე ღონისძიებას თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში და გასვლით კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 მარტის კონცერტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ ინიციატივით დაიგეგმა. სპეციალურად ამ კონცერტისათვის შეირჩნენ „ნიჭიერთა ათწლედის“ სიმებიანი განყოფილების 9-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ამზადებენ კამერული მუსიკის საკმაოდ რთულ პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სინფონიეტასთან“ და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ თანამშრომლობა წლებია გრძელდება და ორკესტრის წევრთა უმრავლესობა ამ სკოლის აღზრდილია. ათწლედის მოსწავლეებისთვის დიდი პატივია ასეთი მაღალი დონის ორკესტრთან თანამშრომლობა, რომლის თითოეული წევრიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
„აღნიშნული კონცერტით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“ სურს, ყველა ქართველისათვის უძვირფასეს საგანმანათლებლო კერას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიულოცოს ღირშესანიშნავი თარიღი“, – განუხადა „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ.
კონცერტზე შესრულდება ა. ვივალდის, ვ. ა. მოცარტის, ე. ელგარისა და გ. ფ. ტელემანის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები