„ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ ფინალისტად დავით-გარეჯის მოხვედრა უმნიშვნელოვანესი ფაქტია“

„ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ ფინალისტად დავით-გარეჯის მოხვედრა უმნიშვნელოვანეს ფაქტად შეაფასა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.
როგორც მან „კვირას“ განუცხადა, „ევროპა ნოსტრას“ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ეს პროგრამა იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლებისგან რადიკალურად განსხვავდება.
„პროგრამა მოიცავს ამ ძეგლთა ნუსხის შედგენას იმ კრიტერიუმით, რომ  წარმომადგენლობით ქვეყანასთან ერთად შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები, ჩაერთოს საკონსერვაციო გეგმებისა და მართვის გეგმების მომზადებაში და, ამავდროულად, უშუადგომლოს ამა თუ იმ ქვეყანას ამ ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ფინანსური ფონდების განხორციელებაში.
„ევროპა ნოსტრა“ მსოფლიო დონის ორგანიზაციაა, და ის, რომ ფინალურ შვიდეულში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი მოხვდა, ეს მართლაც, უმნიშვნელოვანესი ფაქტია“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.
2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა. დავით გარეჯთან ერთად, 7 ფინალისტს შორის მოხვდა: პოსტბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი), ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია), ბუზლუჟას მონუმენტი (ბულგარეთი), კონსტანტას კაზინო (რუმინეთი), პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები (თურქეთი) და გრიმსბის ყინულის ქარხანა (გაერთიანებული სამეფო).
ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.
ძეგლი, 2017 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.
„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები