„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი სასამართლოს: თბილისი GWP-აც უნდა დატოვოს

0

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ, მომხმარებელთა უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებთან დაკვშირებით, სასამართლოს სარჩელით, კომპანიის კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლაზე კი თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა.

„ახალგარზდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისი C.T.PARK-თან ერთად, GWP-აც უნდა დატოვოს.

“კომპანია პირდაპირ და უხეშად, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, რაც თავისმხრივ სათანადო ყურადღებას მოითხოვს. დღემდე საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მიერ ქმედითი რეაგირება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანია თბილისში, წყლის მიწოდების კუთხით, წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, დაუშვებელია მისი საქმიანობა გახდეს უკონტროლო. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ GWP თბილისში ოპერირებას ახორციელებს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მთავრობა მუდმივად ახორციელებდეს კომპანიის საქმიანობის შესწავლას და მონიტორინგი, როგორც ეს C.T.PARK-თან დაკავშირებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელით უკვე მოხდა.

კომპანია, რომელის მდგომარეობაც წყლის უზრუნველყოფის სფეროში ქმნის მონოპოლიურ მდგომარეობას, C.T.PARK-ის მსგავსად, უსაფუძვლოდ და უკანონოდ აჯარიმებს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ასევე რიგით მოქალაქეებს. კომპანია არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია. ამასთან, კომპანია არამხოლოდ მომხმარებელთა უფლებებს არღვევს, არამედ პრობლემურია დასაქმებული პირების შრომითი უფლებებიც. მართალია, კომპანია დისკრეციული უფლებამოისლების ფარგლებში ადგენს სახელფასო პოლიტიკას, თუმცა მაღალია უთანასწორობა მენეჯმენტის შრომით ანაზღაურებასა და იმ თანამშრომლთა ხელფასს შორის, რომლებსაც განსაკუთრებული ძალისხმევით უხდებათ რამდენიმე ცვლაში რთული სამუშაოების შესრულება.

იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხედვები და მიდგომები მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს და წყალმომარაგებას უზუნველყოფდეს კომპანია, რომლის საქმიანობაც მოსახლეობაში შეფასებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. სულ მცირე კომპანიას დედაქალაქის მთავრობამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, უნდა მოსთხოვოს მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვინაიდან კომპანიას სწორედ ადგილობრივი მთავრობის მიერ აქვს დელეგირებული საჯარო უფლებამოსილება.

ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში შეისწავლა კომპანიის სასამართლო საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დგინდება, რომ მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 01 იანვრიდან ამავე წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეთა პალატაში, საერთო ჯამში 40-ზე მეტი საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, სადაც აპელანტი ან/და მოწინააღმდეგე მხარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. მათგან, სამოქალაქო საქმეებზე, ძირითად შემთხვევებში, დავის საგანს წარმოადგენს: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, დავალიანების ჩამოჭრა, ვალდებულების შერულება, ხოლო ადმინისტარციულ დავებზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, 2017 წლის დეკემბერში, მხოლოდ ორ – 13 და 14 დეკემბრის საჯარო სხდომებზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისადმი უკანონოდ დარიცხული 2134.24 ლარის ჩამოწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს, რომ კომპანიის საქმიანობა, ხშირ შემთხვევებში, სცდება სამართლებრივ საზღვრებს, რაც ცალსახად იმსახურებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოითხოვს ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დადგინდეს კომპანიის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები. (საქმიანი რეპუტაციიდან გამომდინარე, ორგანიზაცია არ ახდენს დაჯარიმებული პირის იდენტიფიცირებას). ორგანიზაცია მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი უსაფუძლოდ დარიცხული ჯარიმა და გაუქმდეს ადმინისტრაციულ სხდომაზე მიღებული აქტები, ვინაიდან დაჯარიმებული პირი არ იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ იწყებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის ფართო მონიტორინგს და მზადყოფნას გამოთქვამს კომპანიის მიერ დაზარალებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადვოკატირებაზე”,- ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი