გიორგი ალიბეგაშვილი: გამოინახოს რესურსები, ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი ჟურნალისტებს მეტყველების უწუნებს და ინიციტივით გამოდის, რომ სახელმწიფოდან რესურსები გამოინახოს, რათა მედიის წარმომადგენლებმა ერთთვიანი კურსი გაიარონ.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში, განათლების და კულტურის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, მას ყველაზე მეტად სპორტული ჟურნალისტების ლექსიკა არ მოსწონს.
“სურვილია და ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, რომ იქნებ რაღაცა რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს რაღაცა ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ. მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ მეტყველების კულტურის სწავლება ხდებოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ახლა იცით რა ხდება და როგორი ქაოსია, მიმდინარეობს ტერმინების აღრევა. იმ დღეს ჩვენი საამაყო რაგბისტების თამაშს ვუყურებდი, გამოდის ჟურნალისტი და ამბობს, „ძალიან კრეატიული რაგბისტია“. კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჟურნალისტებში ვგულისხმობ სპორტულ ჟურნალისტებსაც, ვინაიდან ახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სპორტს უყურებს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ გამართული ქართულით მეტყველების მიზნით ჟურნალისტებისა და პედაგოგების სავალდებულო ტრენინგია საჭირო.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ სპეციალური ტრენინგი – სავალდებულო ტრენინგები, რადგან ყველაზე მეტი გავლენა არის ჟურნალისტებისგან და მასწავლებლებისგან. მასწავლებლები არ მეტყველებენ ხოლმე სწორი ქართულით, რაც გადაეცემათ მოსწავლეებს და ვერც მოსწავლეები მეტყველებენ სწორი ქართულით“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები