ირაკლი კობახიძემ კონფერენცია – „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები” გახსნა

„სამართლიანი არჩევნები არის დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეს არის საფუძველთა საფუძველი დემოკრატიული სისტემის მუდმივი განვითარებისა და წინსვლისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციის – „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები”, გახსნისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას ქვეყნის სწორად განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს, ბოლო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ადასტურებს: „თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ ჩართული იმ საქმეში, რასაც ქვია საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯობესება. ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების  უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ჩვენ მუდმივ წინსვლას განვიცდით ამ მიმართულებით და ბოლო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო”.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროგრესის მიუხედავად, რჩება გარკვეული გამოწვევები და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსიები  ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით წარიმართოს.

„რჩება რა თქმა უნდა გამოწვევები სხვადასხვა კუთხით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ თითოეულ იმ ნაბიჯზე, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ეს დისკუსიის პროცესი უნდა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა, ასევე თითოეული პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლს ამ პროცესში”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის  საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციებს ფასდაუდებელი  წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საქართველოში მუდმივად იხვეწება საარჩევნო პროცესები.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უმთავრესი მიზანი არის სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და  ეს არის ის მიზანი, რომლის გარშემოც უნდა იყოს აგებული ის ინიციატივები, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ირაკლი კობახიძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგადი ტენდენციები მიმოიხილა. მისი განცხადებით, ის, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, დეკლარირებულია მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით და დადასტურებულია სოციოლოგიური კვლევებით. თუმცა, მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ხარვეზებს და დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, მაინც ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად დაიხვეწოს რეგულაციები და პრაქტიკა.

„სამართლიან არჩევნებს რაც შეეხება, 2017 წლის არჩევნები ვფიქრობ, რომ ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები სხვადასხვა ტიპის, რომელიც იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ არის დასახვეწი, როგორც რეგულაციები, ასევე პრაქტიკა, თუმცა ამ ხარვეზებს და დარღვევებს არსებითი გავლენა არჩევნების შედეგებზე არ მოუხდენია. რაც არის დეკლარირებული მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებითაც. გარდა ამისა, ის, რომ არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია ამ ხარვეზებს და დარღვევებს, დადასტურებულია სოციოლოგიური კვლევებითაც. სოციოლოგიური კვლევის შედეგები ქვეყნდებოდა სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შედეგები დაემთხვა იმ კვლევების შედეგებს, რომელიც ქვეყნდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თემას და ამ კუთხით არსებულ რეალობასაც შეეხო. მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეცვლილია, რასაც კონკრეტული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს.

„ცალკე გამოვყოფ ადმინისტრაციული რესურსის საკითხს, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვახსოვს როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით. ეს პრაქტიკაც არის არსებითად შეცვლილი და გეტყვით მეტსაც, ჩვენ ვატარებთ პარტიულ სოციოლოგიურ კვლევებს, სადაც ვსწავლობთ მათ შორის იმასაც, თუ როგორია დამოკიდებულება ადმინისტრაციული რესურსის, ხელისუფლების წარმომადგენლების და მოხელეთა მხრიდან, პოლიტიკური პროცესების მიმართ, როგორია მათი განწყობები და შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებაში დასაქმებულ პირთა განწყობები არსებითად ემთხვევა იმ განწყობებს, როგორიც არის ზოგადად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული. დღეს უკვე არ არის ის ვითარება საქართველოში, როდესაც ყველა მოხელე ერთიანად არის დარაზმული მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ეს ვითარება რის შეცვლილი, ასე რომ ამ პირობებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აზრს არის მოკლებული”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების თემაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, მონაცემები იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიას დაფინანსების კუთხით აქვს უპირატესობა სიმართლეს არ შეესაბამება და უხეშად არის აცდენილი რეალობას.

„რაც შეეხება დაფინანსების საკითხს. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აქვს ძალიან დიდი უპირატესობა მმართველ პარტიას დაფინანსების კუთხით. ამაზე იყო საუბარი 2016 წლის არჩევნებთან მიმართებით, სადაც ითქვა, რომ მმართველმა პარტიამ დაახლოებით 90 % დახარჯა  მთლიანი საარჩევნო ხარჯებიდან და ასევე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ითქვა რო 92 % დაიხარჯა მმართველი პარტიის მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს და პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ეს მონაცემები არ შეესაბამება და უხეშად არის აცდენილი სინამდვილეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. თანხების დეკლარირება ოპოზიციური პარტიების მიერ არ ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ეს არის საერთო სურათი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90/10-ზე არის, რასაც გვეუბნებიან 2016 წელთან მიმართებით და პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ოპოზიციამ დახარჯა 2016 წელს იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის ჩამოყალიბებული და ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში. არსებული ხარვეზები და დარღვევები ვერ და არ ახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე. ირაკლი კობახიძის თქმით, არადეკლარირებული ფული, რომელიც პოლიტიკაში და საარჩევნო პროცესში ტრიალებს, შესაძლოა ნეგატიური შედეგების მომტანი იყოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი, არადეკლარირებული ფული ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში და საარჩევნო პროცესში, რამაც შეიძლება პერსპექტივაში ძალიან ნეგატიური შედეგებიც გამოიღოს, თუმცა აქაც, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ დღემდე ეს პრობლემა არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არასწორია მტკიცება, რომ 90/ 10-ზე დაიხარჯა მმართველი პარტიის მიერ და ოპოზიციის მიერ თანხები 2016 წლის არჩევნებში და ანალოგიურად, არასწორია იმის მტკიცება, რომ მმართველმა პარტიამ დახარჯა თანხების 92% 2017 წლის არჩევნებში. იმათთვის, ვინც აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საქართველოში, ღიმილის მომგვრელი უნდა იყოს და არის დარწმუნებული ვარ, საუბარი იმაზე, რომ მაგალითად, 2017 წელს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დახარჯა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ლარი საარჩევნო პროცესში. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ღიმილის მომგვრელი. ყველამ ვიცით, რომ ორ მილიონზე ბევრად და ბევრად მეტი დახარჯეს ოპოზიციურმა პარტიებმა 2017 წლის არჩევნებში და კიდევ უფრო მეტი დახარჯეს 2016 წლის არჩევნებში, მაშინ, როდესაც დეკლარირებული იყო ამ თანხების ძალიან მცირე ნაწილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. შესაბამისად, ეს კრიტიკაც, რომელიც დაკავშირებულია მმართველი პარტიის მიერ თანხების არაპროპორციულ ხარჯვასთან, არ არის საფუძვლიანი და ამ საკითხს სჭირდება შემდგომი ჩაღრმავება”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება მშვიდობიანი არჩევნების საკითხსაც დაუთმო. მისი თქმით, კორცხელის ინციდენტი, რომელსაც 2016 წლის არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი, ხელისუფლებისთვის სწორი დასკვნების გამოტანის საფუძვლად იქცა, რომლის შედეგიც 2017 წლის არჩევნებზე გამოჩნდა.

„მშვიდობიანი არჩევნები არის მეორე უმთავრესი მიზანი, რაზეც ვისაუბრე. ჩვენ გვქონდა ძალიან ცუდი ინციდენტი 2016 წლის არჩევნებამდე. ვგულისხმობ კორცხელის ინციდენტს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი პირველ რიგში მმართველი პარტიისათვის და მე მინდა აღვნიშნო თამამად, რომ ჩვენ ძალიან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ ამ გაკვეთილიდან, ამ ინციდენტიდან და მათ შორის, ამის შედეგიც არის ის, რომ 2016 წლის არჩევნებმა, საპარლამენტო არჩევნებმა, ძალიან რთულმა არჩევნებმა ჩაიარა არსებითი ინციდენტების გარეშე. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ,  შედარებით უმნიშვნელო თავისი ხარისხით და ანალოგიურად, 2017 წლის არჩევნებმა ჩაიარა არსებითად ინციდენტების გარეშე და ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სწორი დასკვნები იქნა გამოტანილი კორცხელის შემთხვევიდან, რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, ბუნებრივია, 2016 წლის არჩევნების წინ,”-განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საარჩევნო პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზეც და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მუდმივი წინსვლა და პროგრესი აღინიშნება. მან ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებასაც დაუთმო.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ყველა ზომა იმისათვის, რომ 2016 წლის არჩევნები და 2017 წლის არჩევნები ჩატარებულიყო სამართლიან გარემოში და ყველა კანდიდატს მისცემოდა იმის საშუალება, რომ მიეღო სათანადოდ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. აქაც, რა თქმა უნდა, ხარვეზები რჩება და ეს ხარვეზებიც აღინიშნება ხოლმე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში. ასევე, ჩვენც ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე და ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლება. კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ბუნებრივია, საარჩევნო ადმინისტრაციაც იზიარებს ამ მიდგომას და შესაბამისად, ეს პრიორიტეტი უნდა იყოს სათანადოდ ასახული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს დაუთმო. მისი განცხადებით პროცესები წარიმართება პოზიტიურად, არსებობს მუდმივი წინსვლა და ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული.

„ხაზს გავუსვამ კონსტიტუციას, საკონსტიტუციო ცვლილებებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ ნორმის ამოქმედება 2020 წლის არჩევნებისთვის თუმცა, როგორც კი დასრულდება 2020 წლის არჩევნები უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები, და ყოველი შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პლურალიზმის ხარისხის ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ბლოკების გაუქმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სამწუხაროდ ამ ცვლილების ამოქმედებაც ვერ მოხერხდა 2020 წლის არჩევნებისთვის თუმცა, 2020 წლის შემდგომ ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ბლოკების გარეშე, რაც უზრუნველყოფს საქართველოში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას. ბლოკები ქმნიდა ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას პარტიული სისტემის განვითარების და  მისი ინსტიტუციონალიზაციის გზაზე და ბუნებრივია, ბლოკების გაუქმებაც პროპორციული სისტემის ამოქმედებასთან ერთად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში პარტიული სისტემის გაძლიერებას და მის შემდგომ განვითარებას”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში იწყებს მუშაობას შესაბამის ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ საარჩევნო და  შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. ირაკლი კობახიძემ ასევე დაადასტურა პარლამენტის მზადყოფნა დაიწყოს მუშაობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ის ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების და პარტიული სისტემის განვითარებას საქართველოში. პარტიების დაფინანსება არის განაწილებული 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკურ პარტია რეალურად არ არსებობს. რეალურად არის ხელოვნურად დანაწევრებული პარტიების დაფინანსება. ასეთ პირობებში ბუნებრივია, მოგებული რჩებოდა მმართველო პარტია, რომელსაც კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა.  შესაბამისად, ეს ფორმულა არ არის სამართლიანი. ეს ფორმულა არის შესაცვლელი და ეს ფორმულა უნდა გადაისინჯოს იმდაგვარად, რომ გაიზარდოს რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ეს ნაბიჯი, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, პრაქტიკაშიც არის ბევრი რამ დასახვეწი. ერთია კანონმდებლობა და რეგულაციები თუმცა, არის გარკვეული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა გასული წლების პრაქტიკიდან. მე ხაზს გავუსვამ მაგალითად აგიტატორების პრაქტიკას, რომელიც მე პირადად ძალიან არ მომწონს თუმცა, ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე საიდანაც გამოსვლა ამ ეტაპზე ცოტა რთული ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ, თანდათანობით დავხვეწოთ საარჩევნო პრაქტიკა და მათ შორის, ვიზრუნოთ ისეთი პრაქტიკის შეცვლაზე, რომელიც დიდად ხელს არ უწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას”.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლის დასასრულს ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში  ქალთა მონაწილეობის და მათი როლის ზრდის მნიშვნელობას.

„ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული კვოტირება, რომლის თაობაზეც არის უკვე ინიცირებულია კანონპროექტი საქართველოს კანონპროექტი. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის 50%-იანი კვოტის დაწესებას, საუბარია იმაზე რომ ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმოდგენილი პროპორციულ საარჩევნო სიაში ხოლო, შემდეგი არჩევნებისთვის როცა ჩვენ უკვე გადავალთ სრულად პროპორციულ სისტემაზე ყოველი  მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის ცვლილება , რომელიც განიხილება უკვე შემდგომ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი იქნება მომავალი კვირის ბოლომდე საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, ამოქმედდება გენდერული კვოტები საპარლამენტო არჩევნებისათვის”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემცვლელმა, თომას მორისმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე.

კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა არჩევნების დროს მიღებული გამოცდილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში  განიხილეს და საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არჩევნების გამართვაში მიღწეული პროგრესი წინა წლების არჩევნების ფონზე და იმსჯელეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის საბჭო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, ასევე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები