„მათი ნაფეხურებით შემოვავლე  საზღვრები საქართველოს“…

ბავშვობა კახეთის ულამაზეს სოფელ ახაშენში გაატარა. ბავშვობიდან უყვარდა ლიტერატურაც და ლექსის მხატვრულად წაკითხვაც.
შემთხვევითი არ იყო, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძ სწავლა მძიმე წლები იყო, მაგრამ მრავალი ლამაზი და დასამახსოვრებელი წუთი გამოჰყვა სტუდენტობიდან… შემდეგ  25 წელია სკოლაში ასწავლის. უმაღლესი პასუხისმგებლობითა და ღირსების შეგრძნებით ასწავლის ბავშვებს… იყო პერიოდი, როცა ენგურჰესზე მოსწავლეებთან ერთად ხუთჯვრიანი  დროშაც კი აღმართა.
ადამიანში გულწრფელობას და გონიერებას, სიყვარულის დიდ უნარს აფასებს… მისი ჰობი მოგზაურობა და მთაა. – პედაგოგ მაია კობიაშვილის პერსონა.

 დავითობას დაიბადე, გურჯაანის რაიონის ერთ ლამაზ და სახელგანთქმულ სოფელ ახაშენში...
– ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს. მთელი არსებით შევიგრძნობ მიწის მადლს. მით უფრო, რომ ყოველი გოჯი წიაღთან მაბრუნებს. დედა, ცირა კეჟერაშვილი, სიმართლისა და სიწმინდის გზას გვასწავლის მხოლოდ. კრუხივით გადაფოფრილი დედაა. „მზე რომ დაგნათით და აჩრდილი დაგდევთ, მე ვარო“ – ასე გვეუბნება ხოლმე. ძლიერი ქალია. მამა, გიორგი კობიაშვილი, დინჯი, მოზომილი, ღირსეული კაცი იყო. მისი წყალობით შევიყვარე სოფლის, მიწის სურნელი. ხშირად ავყვებოდით მე და მამა სოფლის თავამდის, ნასახლარებსა და ნაქვევრალებთან ვისვენებდით. სამების ტაძრის ზემოთ, თავწყაროა. იქ მივყავდი ხოლმე გაზაფხულობით. ძველ სასაფლაოზეც ერთად დავდიოთ. შემაყვარა წინაპრები. დილაადრიან მაღვიძებდა ხოლმე; „ადე, მზეს დაასწარი ადგომაო“. მეიმედება, რომ მისი სული მზიანეთში განისვენებს.

ახაშენის ეზო

სკოლა ახაშენში დაამთავრე, როდის დაიწყო ლიტერატურის სიყვარული? ფილოლოგობა რატომ გადაწყვიტე?
– ლიტერატურას ადრეული ბავშვობიდან დავუახლოვდი. ვტკბობოდი კითხვისას. მერე განვიცდიდი. ემოციურად შევდიოდი სიუჟეტში. საბავშვო ბაღიდანვე მომწონდა ლამაზი მეტყველება და ლექსის მხატვრულად თქმა. ეს შეუმჩნეველი არც სკოლის მასწავლებლებს დარჩენიათ და არც ოჯახის წევრებს. მახსოვს, მამიდა თამარმა, უაღრესად მწიგნობარმა, ჩამაწვეთა, ფილოლოგიური აირჩიეო. არჩევანის გაკეთება ადვილი არაა. მეც გულმა მამიდის ნაფიქრისკენ გამიწია. კარგად მოვიქეცი. მადლობა უფალს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძე სწავლაგაიხსენე სტუდენტობის წლებიზუსტად მაშინ ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლები იყო და მერე საბედისწერო კონფლიტები
– მართლაც მძიმე წლებს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა. აუდიტორიებში რევოლუციონერი აქციონერები იყვნენ განთავსებული. მახსენდება თანამედროვე ლიტერატურის გამოცდა ბატონ ზაურ მეძველიასთან. იმ დღეს იერიში და თავდასხმა ხდებოდა უნივერსიტეტზე. პოლიციამ გააკეთა დერეფანი და სტუდენტებს ეხმარებოდნენ შენობის მშვიდობიანად დატოვებაში. ბატონმა ზაურმა გვითხრა, ვისაც მაღალი ნიშანი გინდათ, დარჩით და გამოცდას ჩავიბარებო. მე და ასე 15 ჯგუფელი დავრჩით. ტყვიების ზუზუნი გახშირდა, მაგრამ მე გალაკტიონის „ეფემერას” გაცხარებით ვარჩევდი და სქელი კედლებით დაჯავშნული სულაც არ ვგრძნობდი სიცოცხლის საფრთხეს. „ფრიადი” დამსახურებულად მივიღე. ეროვნული თავისუფლებისთვის გვიღირდა ის ცოდნაც, ამ კედლებში რომ ვიღებდით და ასეთ დროს შიში სრულიად დამარცხებულია.
იდეალურმა ლექტორებმა გამომძერწეს ფილოლოგად: გიორგი გოგოლაშვილი, ზაურ მეძველია, თენგიზ კიკაჩეიშვილი, რეზო სირაძე, გრივერ ფარულავა, დევი კაჭარავა, მეია ყუბანეიშვილი, ნარგიზა მესხია, გვანცა კოპლატაძე, ელენე კოშორიძე, ოთარ ბაქანიძე, ნათელა ქუთელია, მერაბ ღაღანიძე და კიდევ ბევრი საუკეთესო ლექტორი შემეწია. უზარმაზარი მადლობა თითოეულს.
25 წელია სკოლაში ასწავლირა შეგძინა ამ წლებმა? რას იტყვი, ზოგადად, ქართული სკოლის პრობლემებზე? რას შეცვლიდი, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?…
– მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი, სკოლაში რომ მიმიწვია ფიზიკოსმა ქ-მა დონეზი კოტორაშვილმა. ნათელში იყოს მისი ლამაზი სული. 23 წლის გოგონა ვიყავი და გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მე10 კლასი მომცეს სადამრიგებლოდ. უმაღლესი პასუხისმგებლობითა და ღირსების მძაფრი შეგრძნებით დავიწყე მასწავლებლობა. გამომივიდა. მასწავლებლობა ურთულესი საქმეა. უფლის შეგონებით თუ განვმარტავ, „კმა არს მოწაფისა მის, იყოს თუ ვითარცა მოძღვარი თვისი არს“, დამეთანხმებით, იმდენი ცოდნა და ზნეობა უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს, ბავშვისთვის საზომად იქცე.
მაშინ, მუშაობა რომ დავიწყე, უფრო დიდი სითბო და სიყვარული იყო ადამიანებში. მშობელიც და მათი გაზრდილი შვილიც სიყვარულით გექცეოდა. ახლა ცოტა გაცივდა ხალხი. მასწავლებლის წინაშე კედლის აშენება დაიწყეს… შესაბამისად, მეტი სიყვარული და შრომა სჭირდება პედაგოგს, რომ ურთიერთობა შედგეს. დღევანდელი სკოლა რომ შეიცვალოს, სახელმწიფო და საერო აზროვნება უნდა შეიცვალოს…. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის.

გიორგი გოგოლაშვილთან ერთად

43- სკოლაში მუშაობის პერიოდში (2000-2005 წწ) საქართველოს ყველა კუთხე მოიარეთ
– ეს იყო 1998 – 2005 წლები. ჩემი ცხოვრების მარგალიტი წლები იყო. სადამრიგებლო კლასი დატოვა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ ქეთი ქავთარაძემ. ბავშვებმა ამირჩიეს დამრიგებლად. ქართულთან ერთად ვასწავლიდი ყველაფერს უშურველად, დღით და ღამით, სასწავლო და დასვენების ჟამს. ცხოვრების 7 სრული წელი გავატარეთ ერთად. მეტიც, მშობლები ყოველდღე მეკონტაქტებოდნენ, ერთად მოვიარეთ მთელი საქართველო.  მათი ნაფეხურებით შემოვავლე საზღვრები საქართველოს. ენგურჰესზე ხუთჯვრიანი დროშა ავწიეთ. რუსეთის ტელევიზიით გადაიცა ეს ამბავი. უზარმაზარ საფრთხეს გადავურჩით. ჩემმა მოსწავლეებმა მამულწყლის გემო გაიგეს, საქართველოს მთებში ვიცხოვრეთ. ნათელ-მირონი შევიტანეთ ხევსურებში და ფიც-ვერცხლიც ვჭამეთ, სვანეთში, სოფელ იფარში მედიატორმა დაძმობაც დამიმწყალობა იქაური ტრადიციით. დავწერე სათავგადასავლო დღიური და წიგნადაც ავკინძე. „თავსოქროგადანაყარი” ჰქვია და ვფიქრობ, ეს არის ჩემი მასწავლებლობისა და ჩემი მოსწავლეების მატიანე.
სათავგადასავლო დღიური (წიგნი) დაწერე, სადაც თქვენი აღზრდილი მოსწავლეების ცხოვრება აღწერედა მაინც რამე ხომ არ გააცნობ მკითხველს ამ დღიურიდან, რატომ იყო მნიშვნელოვანი?
– მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ორიგინალური სამახსოვროა ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც. „თავსოქროგადანაყარი“ სიბერეშიც გაუცოცხლებს მათ ლამაზ და შინაარსიან ბავშვობას. ვფიქრობ, დასაწერიც ბევრი უნდა ჰქონდეს და წერდეს კიდეც ყოველი მასწავლებელი ასეთ თავგადასავლებს.

დედა

 როგორ ფიქრობ, რა არის მოზარდის სისასტიკის მიზეზი. რატომ ხდება ბევრი დანაშაული დღევანდელ სკოლებში?
– ზემოთაც ვახსენე, სულიერი და ადამიანური ფასეულობების, სიყვარულის, ღირსების გრძნობის ნაკლებობა. ამას ზედ ერთვის პირადი ცხოვრების ვიწრობში შეკეტილი მშობელი, საზოგადოება აღარ არის, გათითოკაცებული სუბიექტების სამყაროში ვცხოვრობთ და მოსწავლეებს აღარ აქვთ ერთისა და მთელის ურთიერთმიმართების განცდა. საკუთარი ემოციებით საზღვრავენ ცხოვრებას. საზოგადოება, ოჯახი, სკოლა – მხოლოდ თეორეტიკოსების საღეჭი საგანი კი არ უნდა იყოს, ეს ჯაჭვი ერთად უნდა მოქსოვოს მთელმა ერმა.
და კიდევ ერთი! ეროვნულ – ნაციონალურის ამ დონეზე მორღვევა სრულიად წაშლის თვითმყოფადობის სურათს და ასეთი ტენდენციით მომავალი საქართველოს აღარ ექნება.
ლექსებს წერ
– ლექსებს ვწერ?! არ ვიცი, ამ გარითმულ ფიქრებს ლექსები თუ ჰქვია. უფრო პროზაული მგონია. სკოლის ასაკიდანვე დავიწყე კალმის მოსმა. ხან წლობით ვჩერდები. ხან ყოველდღე ვწერ. ემოციებიც მკარნახობს, სენტიმენტებიც და სულში სილაღეც, მონატრებაც და იმედიც… კი მიყვარს ჩემი გარითმული, როგორც დაარქვი – „ლექსები”.
ჰობი
– ვგიჟდები მთაზე, მთის ხალხზე. ყოველ ზაფხულს მეძახის მთა და ეს არის ჩემი სულისა და გულის სიცოცხლის წყარო. მიყვარს მოგზაურობა. უცხოეთს ვსტუმრობ ხანდახან.
სადოქტორო თემაზე ,,პროლეტარული ნარატივი ქართულ მწერლობაში მუშაობ, რომელითაც ქართული ლიტერატურის ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადაიშლებაამჯერად რას გაგვანდობ ამ თემიდან?
– კვლევა-ძიება დიდ სიამოვნებას მგვრის. განსაკუთრებით მხიბლავს და მაამაყებს არქივში დაცულ საქმეებთან უშუალო შეხება. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა თემაზე შექმნილ ლიტერატურას და მათ შემქმნელებს იმ კუთხიდან დავუწყე დათვალიერება, რომელი კუთხითაც არ იცნობს საზოგადოება. ბევრი რამ აღმოვაჩინე. იმდენად საინტერესო ფაქტებს შევეხე, რომ ჯერ დავიბენი, მერე შარავანდედების ჩაქრობის შემეშინდა, საფრთხე ვიგრძენი. დასკვნამდე ჯერ ბევრი მაქვს საკვლევი. ეს არ იქნება უმნიშვნელო შრომა. საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გარდაუვალია.
ლიტერატურული გმირებიდან ვის მიბაძავდი და რატომ?
– მრავალმა პერსონაჟმა დატოვა კვალი ჩემს ცნობიერებაზე. ყველაზე ახლოს ვარ „ოთარაანთ ქვრივთან“ გარკვეულ კონტექსტში. მაგალითად, პირდაპირობა, სამართლიანობა, საკუთარი ჭირის არ-დაჩენა… ჩემგან სიყვარულში თავ-ფეხიანად გადაშვებული ქალი ვერ დადგებოდა. გრძნობები ჭარბად მაქვს, მაგრამ გონება მმართავს.
რას აფასებთ ადამიანში?
– გულწრფელობას და გონიერებას. ადამიანს სიყვარული უნდა შეეძლოს. სათნოება თუ არ აქვს, ჭირს მასთან ურთიერთობა. ამპარტავნებს ვერ ვეგუები, დაბალი ინტელექტის გამო.
 სამომავლო გეგმები
– ცხოვრებას არ ვგეგმავ. ერთი ვიცი, რომ ფარხმალს არ დავყრი. მოსწავლეები საუცხოო წერილებს მწერენ. დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის მათი სიყვარული. სიბერეს სოფლის სიწმინდეში თუ გავლევ, სხვა ნეტარება არც მინდა. მთავარია, არ განეშოროს ჩემი გული და გონება უფალს. მისი წყალობა არ მოგაკლდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

გთავაზობთ მაია კობიაშვილის ერთ ლექსს, რომელიც მან თავისი მოსწავლეებისთვის დაწერა:

იყავით თქვენ სრულ

მე ახლა კისერმოგრეხილი პატარა ვარ,   
წარბებქვეშიდან რომ ვიყურები.
მე ახლა გუბეჩამდგარი თვალებიდან
თქვენს ნაკვალევებს ხარბად ვაცქერდები.
მე თქვენი დარდით გავსებული
ჯავრით გაცვეთილი უმწეო ვარ,
მინდა მოვიხარო, მოვიმდაბლო,
ყველა ნაფეხურის წინაშე და
მერე ვეამბორო თქვენს ნაკალმებს,
ჩემი გულწრფელობით დანაკემსებს,
მხრებზე ვიგრძნო თქვენი თბილი ხელი,
მერე მოვისმინოთ: „გახსოვს?.. გამახსენე!“…
ერთად გამოვწუროთ თვალებიდან
მერხთან დაწერილი თქვენი ყრმობა,
მერე გადმოვიღო წმინდა წერილი და
ისევ წაგიკოთხოთ (5,48) მათეს სახარება!

თქვენი მაია მასწავლებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები