პირველად თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტის“ პრემიერა შედგება

25 მარტს, 19:00 საათზე, პირველად თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის -„ტურანდოტის“ პრემიერა შედგება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, ეს უნიკალური დადგმა პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა.
„ტურანდოტის“ დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინი (იტალია); სცენოგრაფი – კარლა ტოლომეო (იტალია); კოსტიუმების მხატვრები: ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა (იტალია). დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.
„ტურანდოტის“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 27, 30 მარტს და 1, 14, 15 აპრილს. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ისე მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.
სწორედ ამ დადგმით გაიხსნა 2017 წლის ზაფხულს, იტალიაში, პუჩინის ფესტივალი – Torre Del Lago. რეჟისორის ტრადიციული დადგმა გამოირჩევა თავისი ზღაპრული გაფორმებით. ულამაზეს კოსტიუმებს და დეკორაციებს მაყურებელი გადაჰყავს კარლ გოცის ზღაპარში, ჩინეთის იმპერატორის სასახლეში, სადაც ვითარდება პრინცესა ტურანდოტის და პრინც კალაფის სასიყვარულო ისტორია.
ჯაკომო პუჩინი ოპერას „ტურანდოტი“ სიცოცხლის ბოლომდე წერდა (1920-1924 წწ), თუმცა დასრულება ვერ მოასწრო. ეს ოპერა მისმა მეგობარმა, ფრანკო ალფანომ დაამთავრა.
„ტურანდოტის“ მსოფლიო პრემიერა 1926 წლის 25 აპრილს მილანის თეატრ ლა სკალაში შედგა. პრემიერაზე დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ სპექტაკლი დასასრულისკენ შეწყვიტა და განაცხადა, რომ ოპერა აქ სრულდება, ვინაიდან ამ მომენტში მაესტრო გარდაიცვალაო. „ტურანდოტმა“ მსოფლიოს მრავალი საოპერო თეატრის სცენა უდიდესი წარმატებით შემოიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები