ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი სრულდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში სრულდება XI საუკუნის ისტორიული ძეგლის – ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი.
ტაძრის პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით ხორციელდება.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა პატრონობის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის პროცესი კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში წარიმართა. კლუბის წევრებს შორის „მეღვინეობა ხარება“ მეორე ბიზნესჯგუფია, რომლის უშუალო თანადგომითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცის ითვალისწინებს. ამჟამად მთლიანად დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი.
შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი; დაფერილი თუნუქის ახალი საფარით მოეწყო ეკვდერის სახურავი; მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირის ხსნარით. ასევე დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის სახურავი და ეზოში მდებარე კოშკის სახურავი, ჭედური ელემენტებით მოეწყობა ეკლესიის ეკვდერის შესასვლელი რკინის კარი, რომელიც დამზადდა ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად ,რომელმაც ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში).
ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა.
საუკუნეების განმავლობაში ოცინდალეს წმ. გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIX საუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სოფ. თაიაშის ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XXსაულკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა.
XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს სახელმწიფო იცავდა.
მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად XX საუკუნის 80-იან წლებში განხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა.
2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები