ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა – „ვოიაჟი“ გაიხსნება

15 მარტს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა –  ,,ვოიაჟი’’ /Voyage გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ავტორის მიერ წარმოდგენილი 40-მდე ტილო მხატვრის შინაგანი მოგზაურობის დინამიკური პროცესის ილუსტრაციაა: ხშირად განმეორებული ქალის გამოსახულება თვითშემეცნების ნიუანსებითაა აღბეჭდილი და ავტორის შინაგან პოტრეტს ეხმიანება. სიღრმისეული შემოქმედებითი ძიებები სიმბოლოებით დატვირთულ გამოსახულებებად იქცევა, აბსტრაქტული პეიზაჟები კი ემოციურ მდგომარეობათა კომპლექსური სახეებია, რომლის მეშვეობითაც შემოქმედი მოგზაურობის გამოცდილების გამოვლენასა და ტილოზე გადატანას ცდილობს.
მასშტაბური კომპოზიციების მეშვეობით მხტვარი ფერწერული სახეების მაქსიმალურ გამომსახველობას აღწევს, ფერადოვანი ეფექტები კი მნახველს შინაგანი ძიების ინტენსივობისა და განცდათა მრავალფეროვანი გრადაციების შესახებ მოუთხრობს.
მაია ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1979 წლის 26 დეკემბერს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სტუდენტობის წლებიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. გამართა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ტალინში. იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და არტბაზრობებში როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ჯილდოებიდან აღსანიშნავია 2016 წლის მონაკოს არტბაზრობის პრიზი – PRIX`D EXELLANCE 2017, წელს კი მხატვარი დუბაის The global art award-ის ფინალისტი გახდა.
დატვირთულ შემოქმედებით ცხოვრებას მაია ჯიმშელეიშვილი ინტერიერის დიზაინერის პროფესიასაც უთავსებს. ინტერიერის დიზაინის კურსი მან 2009 წელს ლონდონის სანტ მარტინის ცენტრალურ კოლეჯში გაიარა, შემდეგ კი საკუთარი დიზაინსალონი – ,,ამბიენსი“ დაარსა.
მხატვრის ცხოვრებაში მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით მან ვირსალაძის სახელობის მუსიკალურ გიმნაზიაში მიიღო. მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსებში თბილისსა და საზღვარგრეთ, იყო 1996 წლის თბილისის რესპუბლიკური კონკურსის ლაურიატი.
,,ხელოვნებამ ბევრი რამ მასწავლა, კიდევ უფრო ღრმა შრეებში ჩაღწევას ვცდილობ. ფერთა ჰარმონიის ძიება ბედნიერებას მანიჭებს. ვმუშაობ ზეთის საღებავით, ვიყენებ ტემპერას, ოქროს ფურცელს, მელანს, გრაფიტს. მიყვარს მასალების შერევა და ამ ექსპერიმენტის შედეგით, ან თუნდაც შეცდომით, ტკბობა. როგორც გრაფიკოსისთვის, ჩემთვის შტრიხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი მეშვეობით ნახატებში უწყვეტად მოედინება ენერგია’, – ამბობს მხატვარი.
მაია ჯიმშელეიშვილის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში თბილისში, მონაკოში, სენტ- პოლში, ნიუ -იორკსა და ტალინში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები