ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროის მონაცემებით, 4 რეისი ვერ სრულდება. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, გაუქმებულია Scat Airlines-ის რეისი, რომელიც ფრენას აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ასრულებდა. ასევე, რეისი გააუქმა Turkish Airlaines-მა, რომელიც რეისს გოგჩენი-თბილისის მიმართულებით გეგმავდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად აქტაუში გადამისამართდა Air Astana-ს რეისი, რომელიც ფრენას ალმაატადან ახორციელებდა, ხოლო აშხაბადში დაფრინდა china southern airlines – ის რეისი, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა.

ფრენები განრიგის მიხედვით ხორციელდება ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. არსებობს მოლოდინი, რომ მდინარეების დონე საშიშ ნიშნულამდე მიაღწევს.

თბილისის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე დღეს ექვსბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,10 მარტამდე საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი ქარის გამო მოსახლეობას ასეთ დროს ქცევის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები