ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ

“მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა”,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.
პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს.
“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები