ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი წარადგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი წარადგინეს.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები.
მიხეილ გიორგაძემ მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურულ სფეროში უდიდეს პლატფორმაზე ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმაპროექტის კონცეფცია,  განხორციელებული და დაგეგმილი ლიტერატურული პროგრამა წარადგინა და ყურადღება მარტის თვეში დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა. მხოლოდ მარტში 7 გერმანულენოვან ქალაქში (კიოლნი, ლაიფციგი, ბერლინი, ვენა, ზალცბურგი, ჰალე, ფრანკფურტი) 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება.  დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები. გერმანულენოვანი საზოგადოების წინაშე წარდგებიან – აკა მორჩილაძე, ნაირა გელაშვილი, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი.
15 მარტს კი, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც პროექტის ხელმძღვანელები გერმანული მედიის წარმომადგენლებს ევროპის გერმანულენოვან ქალაქებში დაგეგმილ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან გამოცემებს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ. ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები