ნათია როსტიაშვილის ახალი წიგნის – „სუნთქვის შემგროვებელის“ წარდგენა გაიმართება

14 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ნათია როსტიაშვილის ახალი წიგნის წარდგენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  „სუნთქვის შემგროვებელი“ ნათია როსტიაშვილის მეორე კრებულია, რომელშიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი და აქამდე დაუბეჭდავი მოთხრობებია თავმოყრილი.
„შემგროვებლობა“ მწერლის უმთავრესი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნება, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებები(ც);
რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?..
მკითხველი მისთვის სასურველ და საინტერესო პასუხებს აუცილებლად იპოვის, თამაშის წესებშიც იოლად ჩაებმება, რადგან ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი გარემოს მთავარი მოცემულობა – სიკეთეა და ატმოსფერო კი იუმორით, ხშირად სათქმელის სიმძაფრის მიუხედავად, მაინც (გასაძლები) სიმსუბუქით გაჯერებული. მრავალფეროვანი სიტუაციები კი წარმოსახვის თავბრუდამხვევ ჯადოსნობას შეგაგრძნობინებთ.
ამ სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია.
ხოლო, თუ როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები