ერინ ბეგველის ფილმის – „იოცნებე, გოგონა!” ჩვენება გაიმართება

9 მარტს, 18:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში,   ფილმის ჩვენება გაიმართება.
ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის „American Film Showcase“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ერინ ბეგველის ფილმი – „იოცნებე, გოგონა!” (2014, აშშ).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის თემატიკისა და ფრაზების მიხედვით, ინგლისური ენის გაკვეთილს მასწავლებელი ჯედ გურლი გაუძღვება.
ერინ ბეგველი ამერიკის მსხვილი კორპორაციის დიზაინერად მუშაობდა. ერთხელაც აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში, მრავალი ხელოვნური და პირადი პრობლემის გადალხვა უხდებოდა, რაც მის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებდა. ერინმა შთაგონების ძებნა გარეთ დაიწყო და ქალებისთვის ახალი ამბების გვერდი გახსნა. ამ გვერდზე, ყოველ ოთხშაბათს, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ქალბატონები პირად გამოცდილებასა და პროფესიულ რჩევებს ერთმანეთსა და დამწყებ პროფესიონალებს უზიარებდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ, ახალ ბიზნესს დღეში 1200 ქალი არეგისტრირებს და მათი უმრავლესობა წარმატებულია. ერინმა, „ოთხშაბათობების“ პოპულარობის ზრდასთან ერთად, მონაწილე ქალების ისტორიების მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტა და სოციალური ქსელიდან დახმარებაც მიიღო. 2016 წელს, „იოცნებე, გოგონა!“ თეთრ სახლში,აშშ-ს ქალთა სამიტისადმი მიძღვნილ შეკრებაზე და ნიუ-იორკის ცნობილ „პარიზულ თეატრში“ აჩვენეს. ფილმს დიდი გამოხმაურება მოყვა „ფორბსის“, „ვოგის“, „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციებიდან, ხოლო ოფრა უინფრიმ რეჟისორი ას საყვარელ შემოქმედთა შორის დაასახელა.
როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, დადებითი გამოხმაურება მამრობითი სქესის ბიზნესმენებისგანაც მიიღო, რამდენადაც მსგავსი ისტორიები მათთვისაც ნაცნობია. „ჰაფინგტონ პოსტმა“ ერინ ბეგველის „იოცნებე, გოგონა!“ პროფესიონალი ქალებისთვის საჩვენებელი ფილმების ათეულში შეიყვანა.
ფილმის ჩვენება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზატორობით გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები