ლიკა ყიფშიძის პოეზიის საღამო – „ქალი არ ბერდება!” გაიმართება

9 მარტს, 20:00 საათზე კლუბ „დეჟავუში“ ლიკა ყიფშიძის პოეზიის საღამო – „ქალი არ ბერდება!” გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მისი ლექსებიდან უსაზღვრო ენერგია იღვრება და ერთნაირად ესალბუნება ოცი წლის ახალგაზრდას და ხანშისესულ ადამიანს. მის ლექსებში წელიწადის ყველა დრო გაზაფხულობს – ფიფქები ხან ვარდებია, ხან გვირილები, ხან თეთრი ჰერბერები, შემოდგომა კი წითელ-ყვითელი ყვავილობაა და გადამდები ხანძრით წვავს…
ლიკა ყიფშიძე:
,,ბავშვობიდან, სამი წლიდან, ჯერ დედა იწერდა ჩემს ზეპირად ნათქვამ სტროფებს. მას მერე კი, რაც წერა ვისწავლე ,არ გავჩერებულვარ… იყო სკოლა, მოსწავლეთა ნორჩ შემოქმედთა სტუდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი… ჟურნალ-გაზეთები-ჟურნალისტობა… სკოლა თუ აკადემია, – პედაგოგობა თუ ლექტორობა… ყოველთვის ვწერდი… ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ჩემმა ლექტორმა, აწ უკვე გარდაცვლილმა, უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ მითხრა: ,,კალამი არასოდეს დადო!”- და მართლაც ასეა, დღე არ გავა, რაიმე არ დავწერო.
გამოცემული მაქვს ორი საბავშვო, პროზაული  წიგნი. ვარ მრავალი კონკურსის ფინალისტი, მრავალ ალმანახში და გამოცემაში შესულია ჩემი ლექსები, მაგრამ თუ ვინმე მწერალს მიწოდებს, ძალიან მეხამუშება, რადგან, მგონია, რომ ჯერ ღირებული არაფერი შემიქმნია…
ასაკი?-ასაკი მოდის, მაგრამ მე ხომ ის ქალი ვარ, რომელსაც ყველა ასაკში ეგაზაფხულება და ალბათ, ჩემთვის, მოხუცებულობაც, თავისებურად, იყვავილებს!”
ლიკა ყიფშიძის ლექსებთან  ერთად, საღამოს სტუმრები ნეკა ბაკურაძის სიმღერებსაც მოისმენენ.
მის. კოსტავას ქ. 36, კლუბი „დეჟავუ“.
ბილეთის ფასი 10. ლ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები