ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესიას და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას და ნიშს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 16 თებერვლის  ბრძანებით მიიღო.
წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა).
აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს.
ტაძარი ადრე შუა საუკუნეებშია აგებული. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ისტორიულად, წმ. გიორგის სახელობის იყო, ამჟამად კი ღვთისმშობლის სახელობისაა. აგებულია რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით. ტაძრის ირგვლივ სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ადღგენის დროს გადაკეთებულია და აღდგენისას გამოყენებული არაა ტაძრის მშენებლობის მსგავსი მასალა, ტაძარს მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული ნიშნები (ღრმა ნახევარწრიული და შვერილი აბსიდი, ტიმპანიანი კარი), რითიც ის შეიძლება განიხილოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები