ქართული სპორტის მემატიანის – ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

ქართული სპორტის მემატიანის – ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენას „თი-ბი-სი გალერეამ“  და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ უმასპინძლა.
ალექსანდე კოტორაშვილმა სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო. მის გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც ქართული სპორტის ბოლო 60  წლის პერიოდს ასახავს.
გამოფენაზე ასევე გაიმართა ფოტოალბომის „ალექსანდე კოტორაშვილის 100 ფოტოს” პრეზენტაცია და გოგი თორაძის ფილმის – „ფოტოკორესპოდენტის” ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და 75 წლის იუბილე მიულოცეს – ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა, მეგობრებმა და სპორტის გულშემატკივრებმა.
ალექსანდრე კოტორაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ სპორტულ გამოცემაში, „ლელოში“ და არაერთი მნიშვნელოვანი, საქართველოში თუ საზღვარგარეთ ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრი გადაუღია. კოტორაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში და ქართული სპორტის უნიკალური ფოტოარქივის მფლობელია.
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოგამოფენა „თი-ბი-სი გალერეაში“ 6 მარტსაც გაგრძელდება და დაინტერესებულ გულშემატკივარს საინტერესო ფოტოების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა. კოტორაშვილის ფოტოგამოფენის და კატალოგის გამოცემა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
შალვა გოგოლაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს სახელოვან ფოტოგრაფს – ალექსანდრე კოტორაშვილს, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი ისტორიული ფოტო აჩუქა და წლების განამავლობაში მოპოვებული, ძალიან ბევრი ისტორიული გამარჯვების თანამონაწილე გახდა. ვულოცავ ალექსანდრე კოტორაშვილს 75 წლის იუბილეს და მართლაც საინტერესო ფოტოგამოფენის მოწყობას, ასევე კატალოგის გამოცემას, რომელშიც უამრავი ისტორიული გამარჯვებაა ასახული. ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოარქივი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და სიმდიდრით გამოირჩევა, რისი ნათელი დასტურიც დღევანდელი ფოტოგამოფენაა. ამ ადამიანმა ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში ძალიან დიდი წლილი შეიტანა, წლების განმავლობაში მისი ფოტოები ცნობილი სპორტული გამოცემის “ლელოს“ გვერდებზე იბეჭდებოდა და სპორტულ საზოგადოებას მნიშვნელოვან გამარჯვებებს ამცნობდა. მსურს, ალექსანდრე კოტორაშვილს დიდხანს სიცოცხლე და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების გადაღება ვუსურვო“.

                                                                                                                                                                                        ჯემალ კასრაძის ფოტოები

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები