პირველი მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამა დაიწყო

პირველი მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამა დაიწყო. სამი ცნობილი გერმანელი მთარგმნელი ქართული მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანზე, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, იმუშავებს.
როგორც „კვირას“ მწერალთა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ახლად გარემონტებულ სარეზიდენციო სახლში უკვე დაწყებულია ცნობილი გერმანელი პოეტისა და მთარგმნელის საბინე შიფნერისა და თანამედროვე პოეტის რატი ამაღლობელის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც დაგეგმილია რატი ამაღლობელის პოეზიის გერმანულენოვანი კრებულის გამოცემა. აღნიშნული მთარგმნელობითი პროცესის მიმდინარეობის, სირთულეებსა და შედეგებზე 6 მარტს, 18 საათზე, დაგეგმილია შეხვედრა საბინე შიფნერთან და რატი ამაღლობელთან. დისკუსიის დასასრულ, პოეტები ერთმანეთის ნათარგმნი ლირიკის ამონარიდებს გააცნობენ დამსწრეებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი მთარგმნელი და პოეტი პარალელურად 32 თანამედროვე პოეტის (ბექა ახალაია, გივი ალხაზიშვილი,  დიანა ანფიმიადი,  ეკა ბაქრაძე, დალილა ბედიანიძე, ზაზა ბიბილაშვილი,  ნაირა გელაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ელა გოჩიაშვილი,  მიშო დადიანი,  ბათუ დანელია,  ნინო დარბაისელი,  ეთერ თათარაიძე,  თეა თოფურია,  ომარ თურმანიძე,  რუსუდან კაიშაური,  ზაზა კოშკაძე, გიორგი ლობჟანიძე,  სოსო მეშველიანი, ზვიად რატიანი,  დავით რობაქიძე,  ლელა სამნიაშვილი,  მაია სარიშვილი,  ეკა ქევანიშვილი,  პაატა შამუგია, გიორგი შონია,  მანანა ჩიტიშვილი,  დავით წერედიანი,  ტარიელ ჭანტურია,  ვახტანგ ჯავახაძე,  კატო ჯავახიშვილი,  ზურა ჯიშკარიანი) რჩეულ ლექსებს თარგმნის.
პირველი სარეზიდენციო პროგრამა 24 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდება. მთარგმნელები, ორ-ორი კვირის განმავლობაში, ქართველ ავტორებთან და მკვლევარებთან ერთად, გერმანულენოვანი ტექსტების თარგმანების სრულყოფაზე იმუშავებენ. პროექტის ფარგლებში, ასევე ცნობილი გერმანელი მთარგმნელები სიბილა ჰაინცე და იულია დენგი მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების“ და ლაშა ბუღაძის ,,პატარა ქვეყანას“ თარგმნიან.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და გერმანელ გამომცემლებთან თანამშრომლობით უკვე გამოცემულია პროექტის მონაწილე მთარგმნელების მიერ უკვე შესრულებული თარგმანები: რეზო ჭეიშვილის ,,ცისფერი მთები“, ანა კორძაია-სამადაშვილის ,,ვინ მოკლა ჩაიკა“, ნანა ექვთიმიშვილის ,,მსხლების მინდორი“, ზურაბ რთველიაშვილის, ირმა შიოლაშვილის; უახლოეს მომავალში კი ნიკა ჯორჯანელისა და ზვიად რატიანის პოეზიის კრებულები გამოიცემა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების რაოდენობრივ ზრდას და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები