რატი იონათამიშვილი: შანტაჟისთვის ევროინტეგრაციის საკითხის გამოყენება არის უშედეგო – რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ევრობიუროკრატები ამ საკითხებზე, მით უფრო დაზიანდებიან

“შანტაჟისთვის ევროინტეგრაციის საკითხის გამოყენება არის ამაო, უსაფუძვლო და უშედეგო, ვინაიდან რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ევრობიუროკრატები ამ საკითხებზე, მით უფრო დაზიანდებიან”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების წელი.

„2025 წელი იყო ჩვენთვის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ერთგულებისა და დაცვის წელი. საკმაოდ დიდი იყო ზეწოლა და წნეხი იმისა, რომ საქართველო გამოეყენებინათ, როგორც ინსტრუმენტი და საშუალება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, როგორც საკუთარი არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის. ჩვენ არავის ამის შესაძლებლობა არ მივეცით და ის პოლიტიკური შანტაჟი,რომელიც პერმანენტულად, 2025 წლის განმავლობაში ჩნდებოდა ხოლმე და საქართველოს ევროინტეგრაციის თემას უკავშირდებოდა საბოლოოდ ვნახეთ, რომ ამან დააზიანა ევრობიუროკრატია მაგრამ გააძლიერა საქართველოს სუვერენიტეტი. შანტაჟისათვის ევროინტეგრაციის საკითხის გამოყენება არის ამაო, უსაფუძვლო და უშედეგო. ვინაიდან, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ევრობიუროკრატები ამ საკითხებზე, საბოლოოდ ჯამში მით უფრო დაზიანდებიან, მით უფრო მეტს წააგებენ. საქართველოს სუვერენიტეტს ამით ისინი ვერ შებღალავენ და ვერც სხვის ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნის ქცევის შესაძლებლობას მივცემთ ვინმეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟი მხოლოდ „ნიუსებს“ დარჩება, კონკრეტულ შედეგებამდე არ გადაიზრდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები