იქნება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი “5”, 16 მაისამდე გახდება ცნობილი

  იქნება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი “5”, 16 მაისამდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს.
“რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე – არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი ჩანაწერის გამო, რომელიც საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი გადაწყდა ცესკო-ს მიერ”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება – წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები