ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews“ ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 5 ბავშვი და 2 ქალბატონია.
როგორც ცნობილია, თავდასხმა პოლიცის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც საბაჟო პუნქტი და რამდენიმე სასტუმრო მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბებს“ სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა ისინი თავდასხმებს მაინც ახორციელებენ.
იანვარში „თალიბანის“ ერთ-ერთმა ტერორისტმა, თავდასხმისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილი გამოიყენა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო სავსე, ინციდენტის შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა, 235-მდე კი დაშავდა.