ლეგენდარული ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება
5 მარტს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება. როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, კაბინეტი ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრების — ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით ფუძნდება.
კაბინეტის გახსნასთან ერთად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ხოლო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” და სსუ-ის ფოლკლორული ანსამბლი “სნო” თავიანთი რეპერტუარიდან რამდენიმე აფხაზურ სიმღერას შეასრულებენ.
ასევე წარმოდგენილი იქნება მოძიებული და აღდგენილი ძველი აფხაზური ჩანაწერები CD და DVD დისკების სახით.
აღსანიშნავია, რომ თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და მომღერალი გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი აფხაზური, მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დატოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების “ორეულად” მიიჩნევს ხალხურ მუსიკას.
ძუკუ ლოლუა სიცოცხლის ბოლო წლებში ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ. მას სამართლიანად უწოდებენ “მეგრული სიმღერის პატრიარქს”.
მის: ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #61, სსუ-ის I კორპუსი.