ლექცია: „თანამედროვე ქორეოგრაფია და მისი როლი სახელოვნებო სივრცეში“ გაიმართება
4 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, კოტე ფურცელაძის საჯარო ლექცია: ,,თანამედროვე ქორეოგრაფია და მისი როლი სახელოვნებო სივრცეში” გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ცეკვა, უპირველეს ყოვლისა, სივრცეში გამოსახული მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ უნდა დაინახო, არამედ მოისმინო. ქორეოგრაფიაში ადამიანის სხეული, თითქოს, ერთგვარ ცოცხალ, ხმოვან სისტემას მოგვაგონებს, სადაც სცენის კიდეებიდან წამოსული მუსიკალური ბგერები, მოცეკვავის სხეულებრივი ვიბრაციის მეშვეობით, უნისონში მოდიან თითოეული ადამიანის უჯრედებთან და კოსმიურ სივრცესთან ერთიანდებიან. უყურებ წარმოდგენას და ნათლად გესმის, თუ როგორ გადმოსცემენ მოცეკვავეები რიტმს, ხედავ, მელოდიის გავლენის ქვეშ როგორ მოდიან ჰარმონიულ მოძრაობაში შემსრულებლების თვალები, წარბები, მკლავები და გრძნობ, თუ როგორ ემსგავსება თავად ცეკვის ფორმაც მუსიკას.
ეს თავისუფლებაა, თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ცეკვის მეშვეობით მიიღწევა.
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.