„უვარგისი“ – აშშ-ში პუტინის მიერ შეიარაღების დემონსტრირებას ეხმაურებიან
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები და ახალი ზემძლავრი შეიარაღების დემონსტრირება შეაფასეს. “ჩვენ არ გვიკვირს პუტინის განცხადებების. ამერიკელებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს, დავიცვათ ქვეყანა”, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაიტმა.
ამერიკულ მედიაში აღნიშნავენ, რომ პუტინის განცხადების შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, საკმაოდ დაამდაბლეს რუსული სამხედრო ძალის დემონსტრირების შოუ და იმ ვიდეოს, რომელიც წარმოდგენილი იყო მოსკოვის მიერ, უწოდეს „უვარგისი“. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს-მდივანმა ჰიზერ ნოერმა განაცხადა – „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ნდობის აღმძვრელია“. ანალოგიურად, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა: „პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა ის, რაც აშშ-ის მთავრობამ ყოველთვის იცოდა და რასაც რუსეთი მუდამ უარყოფდა. რუსეთი უკვე ათ წელიწადზე მეტია, ავითარებს შეიარაღების დესტაბილიზაციურ სისტემებს, რითიც არღვევს მოლაპარაკებების შედეგად არსებულ თავის მოვალეობებს.“
ამერიკულ გავლენიან ტელეარხ „NBC” -ის ცნობით, სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვმა არ წარმოადგინა ახალი რაკეტის წარმატებული გამოცდის ამსახველი ვიდეო და პუტინის მტკიცება, რომ რუსეთს მუშა მდგომაროებაში მყოფი ბირთვული რაკეტა გააჩნია, ვერ იქნება დამაჯერებელი.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე, ამავე არხის ეთერში, ვლადიმერ პუტინის, “Megyn Kelly Today,” -ისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა. მეგინ კელის კითხვას -ნამდვილად ჩატარდა თუ არა ბირთვული და ზებგერითი შეიარაღების წარმატებული ტესტი, პუტინმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. „თითოეული ის შეიარაღება, რომელზეც მე ვისაუბრე, მარტივად ახერხებს თავდაცვის ნებისმიერი სისტემისთვის თავის არიდებას.“ თუმცა, მისივე განცხადებით, „ზოგიერთი მათგანის მომართვა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ზოგი კი, ბრძოლისთვის უკვე მზად არის“
პუტინმა, ასევე, ინტერვიუში განაცხადა: „ჩემი აზრით, საქმე იმაშია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო, არ არიან ანალიტიკოსები. ისინი პროპაგანდას აწარმოებენ.“