პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კაბინეტი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერით, აშშ–ში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) კაბინეტი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, აშშ–ს საელჩოს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, ლელა ქართველიშვილმა გახსნეს.
სიტყვით გამოვიდნენ აშშ–ს ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძე, პროფესორი რუსუდან დაუშვილი და სხვები.
გამომსვლელებმა ალექსანდრე ქართველის როლზე აშშ–ს ავიაციისა და ინჟინერიაში, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ტრადიციაზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სტუმრებმა ალექსანდრე ქართველის კაბინეტში ფოტო გალერეა ალექსანდრე ქართველის შესახებ და მის მიერ შექმნილი ცნობილი თვითმფრინავების მოდელები: P-47 Thunderbolt, F-84 Thunderjet, F-105 Thunderchief, A-10 Thenderbolt II დაათვალიერეს. წარმოდგენილი იყო გიორგი უსანეთაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეების მიერ შექმნილი A-10 Thenderbolt II თვითმფრინავის მფრინავი მოდელი.
ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნით პატარა ცენტრი შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო ალექსანდრე ქართველის, არამედ სხვა ცნობილი აშშ–ში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და შესწავლას, ქართველ ახალგაზრდობაში საავიაციო ინჟინერიის პოპულარიზაციას და აღორძინებას და ქართულ–ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას.