შალვა ძნელაძის 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

5 მარტს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში შალვა ძნელაძის 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 125 ნამუშევარი როგორც მუზეუმის, ასევე, კერძო კოლექციებიდან, მათ შორის ილუსტრაციები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან: „კაცია-ადამიანი?!“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ჯანყი გურიაში“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „თამარიანი“ და სხვა. დამთვალიერებელი ასევე იხილავს გურიის პეიზაჟებს, გურულ გლეხთა თუ აზნაურთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ კომპოზიციებსა და პორტრეტებს.
გამოფენაზე შედგება შალვა ძნელაძის წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დრო და მემკვიდრეობა“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ავტორები: ირინე აბესაძე, დეა გუნია.
შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. თუმცა, წლების განმავლობაში, მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა. 1970 წლის შემდეგ, მხატვრის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე.

იმის მიუხედავად, რომ მხატვარი, მძიმე ავადმყოფობის გამო, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში. მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

გამოფენის თანაორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დრო და მემკვიდრეობა”.
გამოფენა 23 მარტამდე გასტანს.
მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები