I’ll Tell the World – ლონდონმა ხათუნა წულაძის ლექსების კრებულის წარდგენას უმასპინძლა

ხათუნა წულაძემ ინგლისურად ლექსების წერა ამ ხუთიოდე წლის წინათ  დაიწყო. წლეულს გამოიცა მისი ინგლისურენოვანი კრებული: I’ll Tell the World.
თბილისში უკვე გაიმართა ამ წიგნის წარდგენა, ახლახან კი,  პოეტი ლონდონს ეწვია და ინგლისელებს გააცნო თავისი ლექსები. როგორც „კვირას“ გიორგი ლალიაშვილმა ლონდონიდან აცნობა, მისმა ლექსებმა ლონდონელები გულწრფელად  გააოცა. ცნობილი ინგლისელი მსახიობის გაი მასტერსონის მონაწილეობამ ამ საღამოში განსაკუთრებული მიმზიდველობა და სანდოობა შესძინა ხათუნა წულაძის პოეზიის წარდგენას.
„გაი მასტერსონი ითვლება შექსპირის, დილან თომასის, საერთოდ, ინგლისური პოეზიის უბადლო მკითხველად. იგი გახლავთ მსახიობი და რეჟისორი, რომელმაც თეატრალური მოღვაწეობისთვის ორჯერ მიიღო ლოურენს ოლივიეს ჯილდო. ამ საღამოზე მან ხათუნა წულაძის ექვსი ლექსი წაიკითხა და ასევე გაიხსენა პოეტთან პირველი შეხვედრა და აღტაცება მისი ლექსებით. „მე მაშინვე გამიჩნდა მათი სცენიდან წაკითხვის იდეა, რადგან არის ძალიან ცოცხალი, აქტუალური და ემოციის აღმძვრელი. მე ამ ლექსებს თეატრალურ ფორმასაც მივუსადაგებდი და სიამოვნებით გავაცნობდი ფართო მაყურებელს სცენიდან. ეს 46 ლექსი, რომელიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ბრწყინვალე მასალას წარმოადგენს ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციისთვის, რომელიც შეიძლება თავისუფლად წარვადგინოთ ედინბურგის ხელოვნების ფესტივალზე. მითუმეტეს, ოთხი წლის წინათ, მე იქ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ჯორჯ ოროუელის მიხედვით დადგმული „ცხოველების ფერმა“ ჩავიტანე“, – ამბობს მასტერსონი.
ხათუნა წულაძის პოეზიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი თავიდანვე გასჩენია ლონდონში მცხოვრებ მომღერალსა და კომპოზიტორს ქეთი მელუას. იგი სიტყვით გამოვიდა წიგნის წარდგენაზე და გაიხსენა ის განცდა, რომლიც მას თბილისში ხათუნას ლექსების გაცნობით დაეუფლა. მან მიულოცა პოეტს წიგნის გამოსვლა და მსმენელის მიერ ასეთი გულითადი მიღება.
წიგნს ახლავს პროფესორ ლამარა ქადაგიძის წინასიტყვა, სადაც ზუსტად არის ახსნილი ხათუნა წულაძის პოეზიის მიმზიდველობის საიდუმლო. იგი ადამიანში ადამიანურის გადარჩენას ემსახურება და ამიტომაც ააღელვებს და გაიტაცებს თანამედროვე საზოგადოებას.
როცა გაი მასტერსონი და ქეთი მელუა ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს ხათუნა წულაძის ლექსებს, როგორ შეიძლება არ გაიზიარო მათი შეხედულება? ამ პოეზიას შეუძლია კეთილი სამსახური გაუწიოს საქართველოს, მისი ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში.
მე კი ერთი ასეთი პრაქტიკული აზრი გამიჩინა ხათუნას მართალმა და გულში ჩამწვდომმა პოეზიამ. ყოველ წელს საქართველოში ერთი ციებ-ცხელება ატყდება ხოლმე ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის მზადების წინ. ბოლოს მაინც უცხოელი ავტორისა და კომპოზიტორის სიმღერას მიადგებიან ხოლმე და ეს აისახება კიდეც შედეგებზე.
ვფიქრობ, თუკი სამომავლოდ ხათუნა წულაძის რომელიმე ლექსს აირჩევენ ევროვიზიაზე სასიმღეროდ და მასზე მუსიკას ქეთი მელუა დაწერს, ეს იქნება მართლაც საუკეთესო გამოსავალი. ქართველი პოეტისა და კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარი შემსრულებელში მეტ ბუნებრივ განცდას და ემოციას აღძრავს და შედეგიც გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდება“, – ამბობს გიორგი ლალიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები