ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.

მათივე ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხოვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს. როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ, განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ, დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომლებიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს.

რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე  განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები, რომლის შემცირებაზეც ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ“, – ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები