საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში, სამმხრივ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ანკარაში სამმხრივ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრაში, რომელიც თურქეთის პარლამენტში შედგა, სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრებში, სოფიო ქაცარავასთან ერთად, საქართველოს პარლამენტიდან ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი მონაწილეობენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; ეკონომიკური კავშირები ვაჭრობისა და ტრანსპორტის გზით, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობები საპარლამენტო ფორმატებში.
შეხვედრა კომიტეტების ხელმძღვანელების მოხსენებებით გაიხსნა. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მოხსენებაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ბოლოდროინდელი ტრაგიკული ფაქტის შესახებ ისაუბრა.
სოფიო ქაცარავამ გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე – ნატოში ინტეგრაციასა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებაზე, რომელშიც გაცხადებულია, რომ საქართველოსთვის ალიანსის წევრობა უალტერნატივოა.
„სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ მჭიდრო თანამშრომლობისა და ახალი პერსპექტივების შესახებ. ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა ხელი უნდა შევუწყოთ ამ კავშირების გამყარებას. საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი გეგმები უკეთ განვახორციელოთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
დისკუსიისას ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ნინო გოგუაძემ სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენებასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, ხალხთაშორის და კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც სამივე ქვეყნისთვის: საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს ასახავს. შეთანხმების გაფორმებას მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც კომიტეტის თავჯდომარეებმა განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა უნიკალურია, რადგან ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ უფრო გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ასევე, ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების გაზრდისკენ”, -განაცხადა სოფიო ქაცარავამ.