“არ შეიძლება მუშაობდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებზეც საზოგადოება ფიქრობს, რომ უსამართლოები არიან”
“ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც სასამართლოა, მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობა მინიმალური პირობაა იმისათვის, რომ მოსამართლის რეპუტაცია საკმარისად ლეგიტიმური იყოს საზოგადოების თვალში.
“არ შეიძლება მუშაობდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებზეც საზოგადოება ფიქრობს, რომ უსამართლო ადამიანები არიან. სამართლიანობა არის მინიმალური პირობა იმისათვის, რომ მოსამართლის რეპუტაცია იყოს საკმარისად ლეგიტიმური საზოგადოების თვალში. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში.