გია ჟორჟოლიანი ბარათაშვილის ქუჩის ინციდენტზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი მექანიზმები მკაცრი უნდა იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გუშინ, ბარათაშვილზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა.
როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი მექანიზმები აუცილებლად ძალიან მკაცრი უნდა იყოს.
“ჩვენ მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში არსებული ვითარება საჭიროებს დამატებით ღონისძიებებს როგორს საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. ეს საქმე იყო სრულიად მიშვებული და იმ იდეოლოგიის გაგრძელება, თითქოსდა, რეგულაცია ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. რეალურად კი, ეს ბიზნესის საზოგადოების სახის ფორმირებას შეუწყობს ხელს, ადამიანურობის მხრივ კი, მიუღებელია ასეთი ფაქტები. აქ მნიშვნელოვანია აღმასრულებელი მექანიზმები, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ძალიან მკაცრი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში.