დავით მესხიშვილი: ტაქსების ლიცენზირება ბიუჯეტის შევსების საუკეთესო წყაროა

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან ტაქსებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და თბილისის მერიას მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხი დროებით გადაავადოს. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლიცენზიის დაწესებაა საჭირო, რომ თითქოსდა ტაქსები ჰაერს აბინძურებენ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ტაქსების უმეტესობა “გაზზე” მუშაობს. მისივე თქმით, რეგულაციის შემოღება ვერც ტაქსების ტექნიკურად გამართვას უზრუნველყოფს.
“თბილისის მერიას მოვუწოდებ, რომ ტაქსებზე რეგულაციები გადაავადოს. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უნდა დაიწყოს მათი ლიცენზირება. ერთ-ერთ მიზეზად საცობების შექმნა დასახელდა, თუმცა საცობს თითოეული ჩვენგანი ვქმნით და არა მხოლოდ ტაქსები. რაც შეეხება მათ მიერ ჰაერის დაბინძურებას, ესეც არაა სწორი მოსაზრება, რადგან მათი უმეტესობა „გაზზე“ მუშაობს და ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ ჰაერს. ლიცენზირების შემდეგ, რომ ტაქსები ტექნიკურად გამართულები იქნებიან, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამას პერიოდული ინსპექტირება უზრუნვეყოფს, რომელიც ასევე, თითოეულ ჩვენგანს ეხება, ვისაც ავტომობილი გვყავს. იყო საუბარი, რომ ტაქსის მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი, ესეც გარკვეულწილად გაუგებარია ჩვენთვის, რადგან დღეს როგორც გაიცემა ჯანმრთელობის ცნობა, ყველამ ვიცით. “ფსიქო” ვერ უზრუნველყოფს მძღოლის ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობის დადგენას. ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქიკა”,-განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.
მან ნასამართლევ ტაქსის მძღოლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირი, რომელმაც პასუხი აგო თავის დანაშაულზე, არ უნდა იყოს საზოგადოებაში გარიყული და მასაც, ჩვეულებრივ, უნდა მიეცეს ლიცენზია. მესხიშვილის თქმით, ტაქსების ლიცენზირება ბიუჯეტის შევსების საუკეთესო წყაროა.
“განიხილებოდა ნასამართლევ პირზე შეზღუდვაც, რომელსაც ვერ დავუჭერთ მხარს. ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და პასუხი აგო ამაზე, არ უნდა მოხდეს მათი გარიყვა. თუ საშიშია, ის შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს საშიში. სანიტარულ მდგომარეობას რაც შეეხება, რეგულაციის შემდეგაც ვერ ვხედავ ამ პრობლემის აღმოფხვრის შანსს. ქუჩების არ ცოდნაც აღარაა პრობლემა, რადგან ტექნოლოგია განვითარდა. იყო მოსაზრება, რომ დედაქალაქი იმსახურებს კარგ ტაქსს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება იმსახურებს უკეთეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პერიოდულ ინსპექტირებას ვერ აგვარებს ლიცენზირება იმიტომ, რომ ეს ყველამ უნდა გავიაროთ. ტაქსის მძღოლი სხვა მძღოლისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. გარკვეულ საკითხებში აღსრულების შესაძლებლობა ნულია. ლიცენზირება ვერ უზრუნველყოფს ტაქსის გამართულობას, რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომპანიის სახით. მთავარი საკითხი, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ტაქსების ლიცენზირება ხდება, ესაა საგადასახადო რეგულაცია, ბიუჯეტის შევსების საუკეთესო წყარო. მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, რომ ტაქსის მძღოლებმა ბიუჯეტში თანხა შეიტანონ”,- განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები