გამოფენა: „ელემენტები – სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები“ გაიხსნება

 დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ანდრეი ოსტაშოვის გამოფენას: „ელემენტები – სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს,  ბელორუსი მოქანდაკის, ანდრეი ოსტაშოვის გამოფენა 18 მარტამდე გასტანს.  იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში. ის მუშაობს ქვასა და ბრინჯაოზე, ასევე ქმნის გრაფიკულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ბრინჯაოსა და ქვის სკულპტურა და 25-მდე გრაფიკული ნამუშევარი. დამთვალიერებელი იხილავს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ საუკეთესო ნამუშევრებს, ასევე ახალ ნამუშევრებს სერიიდან „ელემენტები“.
1995 წლიდან, ანდრეი ოსტაშოვმა მონაწილეობა  მიიღო 100-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენაში, პლენუმებსა თუ საერთაშორისო პრაქტიკუმებში. იგი არის მრავალი სკულპტურული თუ არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, სხვადასხვა დროს იყო ბელორუსიისა და პოლონეთის კულტურის მინისტრების მრჩეველი. 2009 წლიდან მართავს ანდრეი ოსტაშოვის გალერეას მინსკში.
თავისი აქტიური შემოქმედების 20 წლის განმავლობაში, ანდრეი ოსტაშოვი ქმნის თანამედროვე მითებსა და ლეგენდებს, რაც ერთნაირად ხიბლავს ზრდასრულ და ახალგაზრდა მნახველს. მისი ნამუშევრებში ირღვევა ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროებს შორის.
თავის შემოქმედებაში არტისტი ეხმიანება იდეას, რომ დღეისათვის ადამიანები აღარ იყოფიან ევროპელებად და აზიელებად. ევროპულ ესთეტიკასთან ერთად, იგი აქტიურად იყენებს აზიურ მოტივებსა და ელემენტებს. მისი შემოქმედება არის ერთგვარი ნაზავი ტრადიციული კულტურებისა, რომელიც, თავის მხრივ, ერწყმის თანამედროვეობას და თანამედროვე ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოძახილს წარმოადგენს.
ანდრეი ოსტაშოვის ნამუშევრები დაცულია ბელორუსიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნის კერძო თუ სამუზეუმო კოლექციებში.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები