თბილისში პირველად დიდი მულტიმედიური გამოფენა: „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა” გაიმართება

 6 მარტს, 18:30 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა)  დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით: „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა” გაიმართება .
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, “გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში” გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვა.
დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.
„გენიალური დილეტანტები” – არის განზრახ შეცვლილი დასახელება ერთი კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენა „ტემპოდრომზე” ჩატარდა და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო. გალერეების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.
დიდი მულტიმედიური გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 27 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენის კურატორია მატილდე ვეე, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი; გამოფენის კონცეფცია – მატილდე ვეე და დოქ. ლეონჰარდ ემერლინგ, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი.
ინფორმაცია ვებგვერდზე: https://www.goethe.de/ins/ge/ka/ver.cfm?fuseaction=events.detail&event_id=21171248
15 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა გერმანელ ვიზუალურ არტისტ და კომპოზიტორ რობერტ ლიპოკთან, რომელიც ამ დიდი გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე არტისტია. 18:00 საათზე კი CES-ში (Creative Education Studio, ფაბრიკა) რობერტ ლიპოკი ჩაატარებს ვორკშოპს – „when the music doesn’t need visuals art all” (Creative Education Studio) სტუდიის სტუდენტებისათვის.
ხოლო იმავე ღამეს, 23:00 საათზე ის შეასრულებს „ლაივს” ღამის კლუბ „Café Gallery”-ში. ბილეთები გაიყიდება „Café Gallery”-ის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები