არავითარი ღვინო, მწვანილი არ უშველის ამ სიტუაციას – სოსო ვახტანგაშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე

გორის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, „შენების მოძრაობის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საოკუპაციო ზოლის ვიდეოკამერებით აღჭურვის დადებით მხარეებზე ისაუბრა.
„პრევენციისთვის ვიდეო-კამერები იქნება ძალიან კარგი, შესაძლოა დოკუმენტური მასალებიც კი ჩაუვარდეს ქართულ მხარეს ხელში – თუ როგორ მოქმედებენ და ა.შ. ამის გარდა, როდესაც მოწინააღმდეგე გრძნობს და ხედავს, რომ შენ აკონტროლებ ამ ტერიტორიას, ის ბუნებრივად იქნება ძალიან ფრთხილი და შეეცდება, რომ მახეში არ გაებას. თუ მოხდება ამ ყველაფრის დაფიქსირება, ისინი შეეცდებიან, რომ არ აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში და საერთაშორისო საზოგადოებას არ ჰქონდეს დამატებითი სალაპარაკო. ყველა ვხედავთ თუ რა პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს რომ თავის დროზე, 2008 წელს, უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ასეთი ფაქტები უფრო ნაკლებად იქნებოდა. ვერ დაიჯერეს, რომ რუსეთი შესაძლოა ისევ აგრესიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, და ამისთვის მას დასჭირდა ჯერ უკრაინა და შემდეგ სირია. პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება მიხვდა, რომ რუსეთთან სხვა ენაზეა საჭირო დალაპარაკება და ამას ჩვენ უნდა მივხვდეთ. ბაბაიას მაგივრად, გარკვეული პრინციპების ერთგულებაზე, ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვიფიქროთ და საქართველომ პრინციპულად უნდა გაამკაცროს ტონალობა ყველა იმ ფორმატში, რომელშიც არის ჩართული, ჟენევის ფორმატი იქნება კარასინის თუ ა.შ.“,- განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.
ყოფილმა დეპუტატმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ გამოკვეთს რუსეთის პასუხისმგებლობას, მსგავსი ფაქტები კვლავ განმეორდება.
„თუკი ჩვენ არ გვექნება უმკაცრესი რეაგირება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე და თუ რუსეთის პასუხისმგებლობას არ გამოვკვეთავთ, დამიჯერეთ, რომ ჩვენ კვლავ გვექნება ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ. თუკი ქვეყანას აქვს ღირსება, თავისი მოქალაქეები უნდა დაიცვას პირველ რიგში და არავითარი ღვინო, მწვანილი და კიტრი არ უშველის ამ სიტუაციის გამოსწორებას. ჩვენ, როდესაც მივიღებთ ფაქტობრივ დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელებიც ადასტურებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგრესიის ავტორი არის რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, შევძლებთ, რომ რუსეთის წარმომადგენლების გარკვეული მანიპულირება მოვახდინოთ“,- განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები