“თუ სავალალო მდგომარეობა დადგება, რეინჯერის ოჯახი თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი კომპენსაციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი”
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის, კომპენსაციის დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, რეინჯერების საქმიანობა შესაბამისად უნდა დაფასდეს და თუ სავალალო მდგომარეობა დადგება, ოჯახი თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი კომპენსაციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„მაგალითისთვის გეტყვით, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რამდენად საფრთხის შემცველია მათი საქმიანობა. 2012 წლის 17 მაისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა მოკლეს. 2011 წლის ივლისში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს, დაიღუპა რეინჯერი დურსუნ სურმანიძე, რომელსაც ღირსების ორდენი მიენიჭა. ისევე, როგორც კახაბერ ყურაშვილს, რომელიც 2017 წელს 26 თებერვალს კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა და ბრაკონიერებმა მოკლეს. იმედი მაქვს, რომ უბედური შემთხვევები არ გვექნება, თუმცა ვთვლი, რომ მათი საქმიანობა შესაბამისად უნდა დაფასდეს და თუ ასეთი სავალალო მდგომარეობა დადგება, ოჯახი მინიმუმ თვეში 1000-ლარიანი კომპენსაციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.